რა უნდა ვიცოდეთ ისრაელში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შესახებ

ისრაელში ბოლო 3 წელიწადში მეხუთე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათისთვის აქტივობა 28.4% იყო, რაც 1999 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი აქტივობაა.

არჩევნებზე ხმა უკვე მისცა ქვეყნის ყოფილმა პრემიერმა და ისრაელის ყველაზე დიდი პარტიის, "ლიკუდის" ლიდერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. მან მისი პარტიის მხარდამჭერებს მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღონ. მისი თქმით, პირველადი აქტივობით ჩანს, რომ მოქმედი პრემიერის, იაირ ლაპიდის პარტიის "იეშ ატიდის" მხარდაჭერით გამორჩეულ ქალაქებში აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე "ლიკუდის" მხარდამჭერებით დასახლებულ ტერიტორიებზე.

"ცოტა ვღელავ," - თქვა მან. "მაგრამ ყველას დახმარებით, ვინც გვისმენს, იმედი მაქვს, რომ დღე ღიმილით დასრულდება."

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა. 

"გამოდით და ხმა მიეცით ჩვენი შვილების და ჩვენი ქვეყნის მომავალს." - თქვა მან.

საარჩევნო უბანზე მისვლამდე ლაპიდი მისი მამის, ტომი ლაპიდის საფლავზე მივიდა, რომელიც ცნობილი ებრაელი ჟურნალისტი, შემდგომში კი პოლიტიკოსი და მთავრობის წევრიც იყო.

საარჩევნო უბანზე იაფაში მივიდა არაბული ნაციონალისტური პარტიის, "ბალადის" ლიდერი სამი აბუ შაჰედე. წელს ისრაელში ქვეყნის არაბი მოქალაქეების რეკორდულად დაბალ აქტივობას ელიან, ამიტომ მან არაბებს მოუწოდა არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

"ისრაელის პრობლემა არ არის ნეთანიაჰუ ან ლაპიდი, პრობლემა რასიზმია, რომელსაც უნდა შევებრძოლოთ და ამიტომ უჭერს მხარს ხალხი 'ბალადს'". - თქვა არაბული პარტიის ლიდერმა.

როგორ ტარდება არჩევნები ისრაელში?

ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა, სადაც ქნესეთის ყველა წევრს მოსახლეობა პროპორციული სისტემით ირჩევს. მინიმალური ბარიერი 3.25%-ია, რომლის გადალახვის შემთხვევაშიც პარტია 4 მანდატს იღებს. 

ისრაელში პარტიები პირობითად ორ - მემარცხენე და მემარჯვენე ბანაკად იყოფიან. არჩევნებზე კონკურენცია არამხოლოდ პარტიებს, არამედ ბანაკებს შორისაც არის. ყველაზე მნიშვნელოვანი იმის გარკვევაა თუ რომელი ბანაკი შეძლებს უმრავლესობისთვის საკმარისი ჯამური 61 მანდატის მოპოვებას. მოსახლეობამ თითქმის ყველა პარტიისგან წინასწარ იცის, ვისთან აპირებენ პოლიტიკური ძალები კოალიციის შექმნას.

თუმცა ბოლო წლებში ბანაკები მხოლოდ იდეოლოგიურად არ იყოფიან. პარტიების კიდევ ერთი წყალგამყოფი საკითხი არის შეუერთდებიან თუ არა ისინი ყოფილ პრემიერ-მინისტრის, ბენიამიან ნეთანიაჰუს კოალიციას. ამრიგად, პარტიები მის მხარდამჭერ და მოწინააღდეგე ბანაკებადაც იყოფიან და ზოგჯერ მის მოწინააღმდეგე ბანაკში ისეთი პოლიტიკოსებიც არიან, რომლებიც იდეოლოგიურად შესაძლოა მისგან არ განსხვავდებოდნენ.

მეხუთე არჩევნები სამ წელიწადში - რატომ?

2021 წლის ივნისში ისრაელში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა ბლოკმა ვერ მოიპოვა უპირატესობა, თუმცა სამთავრობო კოალიციაზე მოლაპარაბებისას ორი აქამდე უპრეცენდენტო ფაქტი მოხდა.

ულტრამემარჯვენე პარტია "იამინას" ლიდერმა ნაფტალი ბენეტმა, რომელიც ანტი-არაბული, ანტი-პალესტინური და ნაციონალისტური რიტორიკით გამოირჩეოდა, გადაწყვიტა ბენიამინ ნეთანიაჰუს ბანაკიდან მის მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადასულიყო, სანცვლოდ კი 6 მანდატიანი პარტიის ლიდერმა პრემიერის თანამდებობა მიიღო.

ამასთანავე, სამთავრობო კოალიცია შევიდა არაბული პარტია "რაამი", რაც აქამდე ისრაელის ისტორიაში არ მომხდარა. "რაამმა" დააკმაყოფილა არაბულ მოსახლეობაში დიდი ხნის განმავლობაში არსებული განწყობა, რომ ისრაელის არაბული პარტიები ბევრად მეტს საუბრობენ პალესტინის სახელმწიფოზე, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაციაზე, ღაზაზე, მაგრამ ძალიან ცოტას ისრაელში მცხოვრები არაბების პრობლემებზე. "რაამმა" მთელი აქცენტი ისრაელის არაბული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებაზე გააკეთა და ძალიან ეკლექტურ, 8 პარტიისგან შემდგაე კოალიციას მხარი დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ ნაფტალი ბენეტის დამტკიცებისას კოალიციას ზუსტად 61 მანდატი ჰქონდა, მის შემადგენლობაში კი ყველა იდეოლოგიის პარტია შედიოდა. ულტრამემარჯვენე "იამინა", მემარჯვენე ცენტრისტული "ახალი იმედი", ნაციონალისტური "ისრაელ ბეითენუ", ცენტრისტული "ლურჯი და თეთრი" და "იეშ ატიდი" და მემარცხენე პარტიები "მერეცი" და "ავოდა". 

აღნიშნულმა კოალიციამ ფუნქციონირება დაახლოებით 1 წლის განმავლობაში შეძლო. თუმცა უამრავი შიდა უთანხმოების გამო რამდენიმეჯერ იყო დაშლის ზღვარზე.

საბოლოოდ, 2021 წლის აპრილში კოალიცია პრემიერ-მინისტრ ბენეტის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იდიტ სლიმანმა დატოვა, რის შედეგადაც 61 მანდატიანმა კოალიციამ ქნესეთში უმრავლესობა დაკარგა. 13 ივნისს კი კოალიცია ბენეტის პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა ნირ ორბახმა დატოვა. მისი თქმით, მთავრობა "მემარცხენეების ტყვეობაში" იყო. 

აღსანიშნავია, რომ ამ ორი დეპუტატის გადაწყვეტილება კარგად ასახავს ისრაელის იმ მემარჯვენე პარტიების ელექტორატის განწყობას, რომლებიც ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეების კოალიციაში შევიდნენ. საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, 2022 წლის არჩევნებზე "იამინას" და "ახალი იმედის" ამომრჩევლების 90%-ზე მეტი ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდს" და მის პარტნიორებს დაუჭერს მხარს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევები

ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, პირველ ადგილზე ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდია" 30-31 მანდატით, მეორე ადგილზე მოქმედი პრემიერის იაირ ლაპიდის პარტია "იეშ ატიდი" - 25-27 მანდატი, მესამე ადგილზე ულტრანაციონალისტური, არაბების მიმართ ქსენოფობიური რიტორიკით გამორჩეული გაერთიანება "რელიგიური სიონიზმია" - 14-15 მანდატით, მეოთხე ადგილს მოქმედი თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის ცენტრისტული პარტია "ეროვნული ერთობა" იკავებს 10-11 მანდატით.

მეხუთე და მეექვსე ადგილებს ნეთანიაჰუს პარტნიორი რელიგიური პარტიები იყოფენ, რომლებიც ულტრა-ორთოდოქს ებრაელებს წამოადგნენ: "შასი" - 9 მანდატი და "გაერთიანებული თორას იუდაიზმი" - 7-8.

მათ მოსდევს რუსულენოვანი ებრაელების მემარჯვენე პარტია "ისრაელ ბეითენუ" - 5-6 მანდატი, ისრაელის ლეობორისტული პარტია "ავოდა" - 5-6 მანდატი, ულტრამემარცხენე მერეცი - 4 მანდატი, არაბული პარტიების "ჰადაშის" და "თაალის" გაერთიანება - 4 მანდატი და მოქმედი კოალიციის მხარდამჭერი არაბული პარტია "რაამი" - 4 მანდატი.

რა გადაწყვეტს არჩევნების შედეგებს?

ისრაელის არჩევნების პროგნოზირება საზგადოებრივი აზრის კვლევებით ძალიან რთულია, რადგან ქვეყანაში ბევრი პარტიაა, რომელიც ბარიერის ზღვარზეა და თუ რომელიმე ბარიერის გადასალახად საკმარის ხმებს ვერ მიიღებს, ეს მთლიანად ცვლის არჩევნების შედეგებს.

2022 წლის 27 და 28 ოქტომბერს ჩატარებული ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგეთა ბანაკის 3 პარტია ზუსტად 4 მანდატზე, ბარიერის ზღვარზე იყო. ეს პარტიებია არაბული "რაამი", მემარცხენე-ცენტრისტული "ავოდა" და ულტრამემარცხენე "მერეცი". თუკი რომელიმე მათგანი ბარიერს ვერ გადალახავს, ნეთანიაჰუს ბლოკი კოალიციას მარტივად შექმნის, რადგან მისი მოწინააღმდეგე ამომრჩევლების ხმები უბრალოდ დაიკარგება. 

მაგრამ თუ ყველა ამ პარტიამ ბარიერის გადალახვა შეძლო, არჩევნების მეორე ინტრიგა არის რამდენი ხმის მიღებას შეძლებს თავად ნეთანიაჰუს პარტია "ლიკუდი". ამ პარტიის პირველ ადგილზე გასვლა გარდაუვალია, თუმცა "ლიკუდს" ამომრჩევლების მობილიზების პრობლემა აქვს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ 1 352 449 ხმა მიიღო, 2021 წელს კი - 1 066 892. დაკარგული ხმების უდიდესი უმრავლეობა სხვა პარტიისკენ არ წასულა, უბრალოდ "ლიკუდის" ამომრჩევლებში ნიჰილზმმა მოიმატა და ისინი სახლში დარჩნენ. 

ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი მიზანი 2022 წლის საარჩევნო კამპანიაში სწორედ ამ ადამიანების საარჩევნო ყუთებამდე მოყვანაა. თუ "ლიკუდი" მათ მაქსიმალურად მობილიზებას შეძლებს, დიდი ალბათობით ნეთანიაჰუს ბლოკი 61 მანდატს მოიპოვებს.

მესამე ფაქტორი, რაც არჩევნების შედეგებზე გავლენას მოახდენს არაბულ სექტორში აქტივობაა. ტრადიციულად, ისრაელის არჩევნებზე ებრაული მოსახლეობის აქტივობა ბევრად მაღალია, ვიდრე არაბულის. თუმცა წელს სოციოლოგები არაბულ სექტორში რეკორდულად დაბალ აქტივობას ელიან, რადგან ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებული არაბული პარტიები წელს 3 სუბიექტად მონაწილეობენ არჩევნებში. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ არაბული პარტია "რაამის" სამთავრობო კოალიციაში ყოფნამ ბევრი არაბის ცხოვრებაში პოზიტიური შედეგები ვერ მოიტანა და ნიჰილიზმი კიდევ უფრო გაზარდა. რაც უფრო დაბალი იქნება ამ სექტორში მოსახლეობის აქტივობა, უფრო გაიზრდება შანსი, რომ ნეთანიაჰუმ არჩევნები მოიგოს.

მსგავსი სიახლეები