იტალია ლუვრს შვიდი ექსპონატის დაბრუნებას სთხოვს
იტალიური მხარე მიიჩნევს, რომ 1980-იან და 1990-იან წლებში მოპარული შვიდი ექსპონატი შეიძლება პარიზის ლუვრის მუზეუმში ინახებოდეს და მათ დაბრუნებას ითხოვს.
ეს ინფორმაცია, რომელიც ფრანგულ მედიაში გავრცელდა, სააგენტო Agence France-Presse-ს ლუვრის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
პირველად, იტალიის კულტურის მინისტრმა ჯენარო სანჯულიანომ ექსპონატების დაბრუნების მოთხოვნა მუზეუმს თებერვალში, საფრანგეთში ვიზიტის დროს გადასცა.
ექსპონატები, მათ შორის ძველი წელთაღრიცხვით IV-VI საუკუნეებით დათარიღებული ამფორა და ძველი ბერძნული ვაზები, ლუვრს იტალიელმა ვაჭრებმა მიჰყიდეს, რომლებიც ანტიკვარული ხელოვნების ნიმუშების უკანონო გაყიდვაში არიან მსჯავრდებული.
"მე მჯერა, რომ საეჭვო წარმოშობის ექსპონატები ლუვრის კოლექციებისთვის ლაქაა. ჩვენ ეს უნდა ვაღიაროთ და მთელი სიმკაცრით და სიცხადით შევისწავლოთ," - თქვა მუზეუმის პრეზიდენტმა ლორენს დე კარსმა.
მოსალოდნელია, რომ ექსპონატების წარმომავლობის გამოძიება წლის ბოლომდე დასრულდება და შემდეგ, ნამუშევრები შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს.