კადიროვი ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურზე: უნიჭოა, რიგითი უნდა იყოს
რამზან კადიროვი რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურს, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ ლაპინს უნიჭოს უწოდებს და ამბობს, რომ იგი რიგითის სტატუსამდე უნდა დააქვეითონ.
გენერალი ლაპინის პასუხიმგებლობის ზონაშია ქალაქი ლიმანი, საიდანაც უკან დახევა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ დაადასტურა.
ალექსანდრ ლაპინი დონბასში, რუსეთის არმიის მოქმედებებს ხელმძღვანელობს და სევერო დონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ, პუტინისგან რუსეთის გმირის წოდება მიიღო.
გთავაზობთ რამზან კადიროვის პოსტს
"ლიმანის მიმართულების მთელ სიგრძეზე გენერალ-პოლკოვნიკმა ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის მიერ მობილიზებული ნაწილები განალაგა და ამასთანავე, არ უზრუნველყო ისინი საჭირო რაოდენობის საბძოლო მასალით და აუცილებელი კავშირით.
ის, რომ ამ მიმართულებით, ჩვენი მებრძოლები მტრისთვის მარტივი სამიზნეები გახდებოდნენ, ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მომახსენა ჩემმა ძმამ, სპეცრაზმ 'ახმატის' მეთაურმა, აპტი ალაუდინოვმა.
თავის მხრივ, მე საქმის კურსში ჩავაყენე გერასიმოვი - გენშტაბის მეთაური, მაგრამ გენერალმა მიპასუხა, რომ მას ლაპინის ლიდერულ ტალანტში ეჭვი არ ეპარებოდა და ლიმანიდან უკან დახევა, შესაძლებლად არ მიაჩნდა.
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ, ლაპინმა საკუთარი შტაბი სტარობელსკში, საკუთარი ქვეშერმდომებიდან ასობით კილომეტრის დაშორებით გადაიტანა. როგორ არის შესაძლებელი დანაყოფების ოპერატიულ დონეზე მეთაურობა, როდესაც მათგან 150 კილომეტრი გაშორებს? ელემენატარული ლოჯისტიკის არქონის გამო, დღეს ჩვენ დავტოვეთ რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ფრონტის დიდი მონაკვეთი.
სამწუხაროა, რომ ლაპინი უნიჭოა, სამწუხაროა, რომ მას გენშტაბში მფარველები ჰყავს. ჩემი ნება რომ იყოს, ლაპინს რიგითის წოდებამდე დავაქვეითებდი, ჩამოვართმევდი ყველა ჯილდოს და ფრონტის წინა ფლანგზე, საკუთარი სირცხვილის სისხლით ჩამოსაწმენდად გავუშვებდი.
მე არ ვიცი რას ეუბნება თავდაცვის მინისტრი უმაღლეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა უფრო რადიკალური ზომების მიღება. ჩემი აზრით, უკრაინასთან მოსაზღვრე რაიონებში საჭიროა საომარი მდგომარეობის გამოცხადება და მცირე მასშტაბის ბირთვული შეიარაღების გამოყენება.
გუშინ აღლუმი იზიუმში, დღეს დროშა ლიმანში და ხვალ რა იქნება? ყველაფერი კარგად იქნებოდა, ყველაფერი ასე ცუდად რომ არ იყოს".