ხარკოვთან კონტრიერიშის მომზადებაში უკრაინას აშშ-ს დაზვერვა დაეხმარა - NYT
გასული ზაფხულის განმავლობაში, კონტრიერიშის დაგეგმვისას უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობამ ამერიკულ სადაზვერვო უწყებებთან ინფორმაციის მიმოცვლა მკვეთრად გაზარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
"ომის განმავლობაში აშშ უკრაინას აძლევდა სადაზვერვო ინფორმაციას ოკუპანტების სამეთაურო პუნქტებზე, შეიარაღების საწყობებზე და რუსეთის სამხედრო ხაზების შესახებ სხვა დეტალურ ინფორმაციას",- ნათქვამია გამოცემის მიერ მომზადებულ მასალაში.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ომის საწყის ეტაპებზე ამერიკელი მზვერავები ხშირად მიუთითებდნენ, რომ უკრაინელები არ იძლეოდნენ მათ ხელთ არსებულ სრულ სადაზვერვო ინფორმაციას და აშშ-ს დაზვერვამ ხშირად უფრო მეტი იცოდა რუსეთის სამხედრო გეგმებზე, ვიდრე უკრაინის გეგმებზე.
ეს მიდგომა ზაფხულში მას შემდეგ შეიცვალა, რაც უკრაინის არმიამ კონტრიერიშის დაგეგმვა დაიწყო - "კიევის უმაღლესი თანამდებობის პირებმა გადაწყვიტეს, რომ ამერიკელებისთვის მეტი ინფორმაციის გაზიარება მათ გააძლიერებდა მათ პოზიციებს და აშშ-სგან წამოსულ დახმარებას".
გამოცემის რესპონდენტებმა უარი თქვას დაეზუსტებინათ, თუ კონკრეტულად რა დონეზე იყო ჩართული ამერიკული დაზვერვა კონტრიერიშის დაგეგმვაში, თუმცა ამბობენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეჩერების საკითხზე კიევთან დისკუსიები მუდმივად მიმდინარეობდა.
უკრაინის მიერ ხარკოვის რაიონში 6 სექტემბერს წამოწყებულ კონტრიერიშზე საუბრისას ყოფილი ამერიკელი მაღალჩინოსნები შეტევის მოულოდნელ ეფექტურობასა და სისწრაფეზე საუბრობენ:
"უკრაინის კონტრიერიში გაცილებით უფრო სწრაფად ვითარდება, ისინი გაცილებით უფრო სწრაფად ათავისუფლებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს ვიდრე მოსალოდნელი იყო. დროა უკრაინამ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა რუსეთის საბრძოლო პოტენციალის შემცირებისა და სრული განადგურებისთვის",- ამბობს გამოცემასთან საუბარში CIA-ის ყოფილი ოფიცერი, მიკ მალროი.
იმავე შინაარსის კომენტარს აკეთებს ნატოს ამერიკული სარდლობის ყოფილი ხელმძღვანელი ევროპაში, ბენ ჰოჯესი და მიუთითებს, რომ უკრაინის კონტრიერიში უფრო სწრაფი და წარმატებულია, ვიდრე ვარაუდობდა.