კიევი ბახმუტიდან "სტრატეგიულ უკან დახევას" უშვებს

უკრაინელმა სამხედროებმა შესაძლოა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტიდან "სტრატეგიული უკან დახევა" დაიწყონ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში საომარი მოქმედებების ერთ-ერთი ეპიცენტრი იყო. ამის შესახებ ეკონომიკურ საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსანდრ როდნიანსკიმ CNN-ის ეთერში განაცხადა.

"რუსეთი ახლა (ბახმუტის - რედ.) ალყაში მოქცევას ცდილობს და ამისთვის "ვაგნერის" საუკეთესო დანაყოფებს იყენებენ, როგორც ჩანს, ყველაზე გაწვრთნილებს და გამოცდილებს", - თქვა მან.

როდნიანსკი ვარაუდობს, რომ უკრაინელი სამხედროები განიხილავენ ყველა ვარიანტს.

"აქამდე ისინი ქალაქს იცავდნენ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში სტრატეგიულად უკან დაიხევენ, რადგან ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ხალხის ასე გაწირვას", - აღნიშნა მან.

თებერვლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტს რუსეთის ჯარებს არ დაუთმობს. თუმცა, მოგვიანებით მან თქვა, რომ უკრაინა ამ ქალაქისთვის იქამდე იბრძოლებს, "სანამ აზრი ექნება", მაგრამ მას ნებისმიერ ფასად არ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები