კოსოვოს პოლიცია სერბებით დასახლებულ რეგიონში წარმომადგენლობას შეამცირებს
ნაწილობრივ აღიარებულ კოსოვოში პოლიცია შეამცირებს თავის წარმომადგენლობას ადმინისტრაციულ შენობებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძირითადად, ეთნიკურად სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებში.
Kosovo Online-ის ცნობით, ამის შესახებ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ განაცხადა.
კურტის თქმით, უსაფრთხოების ვითარების შეფასების შემდეგ, პარასკევიდან სერბებით დასახლებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებში და მის მიმდებარედ პოლიციის წარმომადგენლობა შემცირდება. გადაწყვეტილება კოსოვოს პოლიციას, ნატოს KFOR-ის მისიას და ევროკავშირის სამოქალაქო მისიაა EULEX-ს შორის შეხვედრის შემდეგ მიიღეს.
"ახლა სიტუაცია მშვიდია და შეგვიძლია ოდნავ შევამციროთ პოლიციის ყოფნა. საზოგადოებრივი წესრიგი უკეთ არის შენარჩუნებული, დაახლოებით თვენახევარია არანაირი მნიშვნელოვანი ინციდენტი და პროტესტი არ ყოფილა," - განაცხადა ალბინ კურტიმ.
მან აღნიშნა, რომ პოლიციის ყოფნის შემცირება ეტაპობრივი და პროპორციული იქნება და საუბარია მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობებზე და არა ჩრდილოეთის მუნიციპალიტეტების მთელ ტერიტორიაზე.
ნატოს KFOR-ის მისია მიესალმა გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ეს არის ნაბიჯი დაძაბულობის შესამცირებლად.
კოსოვოს ოთხ მუნიციპალიტეტში აპრილში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში, რომელსაც სერბებმა ბელგრადის მოწოდებით ბოიკოტი გამოუცხადეს, ალბანური წარმოშობის პოლიტიკოსებმა გაიმარჯვეს. არჩევნებზე აქტივობა 4%-ზე ნაკლები იყო.
საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ახალი მერები სამსახურში შესვლას ცდილობდნენ. კერძოდ, სოფელ ზვენჩანში მომიტინგეები ნატოს სამშვიდობოებს ცეცხლსასროლი იარაღით და ქვებით დაესხნენ თავს. დაშავდა 30 იტალიელი და უნგრელი ჯარისკაცი და 50-ზე მეტი სერბი.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა კოსოვოს პრემიერ-მინისტრს ალბინ კურტის მოუწოდეს, გაიწვიოს არჩეული მერები და დაითხოვოს პოლიციის სპეცრაზმი, რომელიც მათ დასანიშნად გამოიყენეს, ხოლო ბელგრადი ამტკიცებს, რომ კოსოვომ პოლიცია მთლიანად უნდა გაიყვანოს ჩრდილოეთ მუნიციპალიტეტებიდან.