კრემლის მტკიცებით, პუტინი ოკუპირებულ ხერსონსა და ლუჰანსკში იმყოფებოდა
კრემლის მტკიცებით, ვლადიმირ პუტინი უკრაინის ნაწილობრივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა, როდის შედგა მგზავრობა უცნობია.
გავრცელებულ კადრებზე დღის საათებია, ვიდეოში ჩანს როგორ გადმოდის პუტინი Ми-8-ის ტიპის ვერტმფრენიდან, რის შემდეგაც ჯიპების კორტეჟი ქალაქ გენიჩენსკში გადაადგილება. გენიჩენსკი ხერსონის ოლქის ოკუპირებული ნაწილის ერთგვარ დედაქალაქად გადაიქცა.
ავტომობილიდან გადმოსვლის შემდეგ პუტინს სამხედრო შენაერთ Днепр-ის მეთაური, ოლეგ მაკარევიჩი ხვდება, რომელიც ამბობს, რომ დანაყოფი განკარგულების მიხედვით თავდაცვით პოზიციებს იკავებს.
პუტინის ვიზიტის შესახებ პირველი ცნობები კრემლმა 7 საათსა და 15 წუთზე გაავრცელა. გენერალ მაკარევიჩის გარდა, კადრებში ჩანს ВДВ-ს მეთაური მიხაილ ტეპლინსკი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე გაურკვეველი ვადით შვებულებაში გაუშვეს და რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
გასულ თვეებში ტეპლინსკიმ რამდენიმეჯერ ღიად გააკრიტიკა თავდაცვის სამინისტრო და გენერალური შტაბი არაეფექტური მოქმედების გამო, როგორც ჩანს სწორედ ეს იყო მისი მოულოდნელი 'შვებულების' მიზეზი.
ამჯერად პუტინმა ტეპლინსკის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. Днепр-ის შტაბში გამართულ თათბირზე პუტინი ამბობს - "ვიცი, რომ გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს დავალებით ის (მიხაილ ტეპლინსკი) საკმაოდ დიდი ხანი იმყოფებოდა ფრონტის წინა ხაზზე და შეადგინა საკმაოდ მოცულობითი ანგარიში. თავდაცვის სამინისტრომ და გენერალურმა შტაბმა ანგარიში კარგად შეაფასეს."
კიდევ ერთ მონაკვეთზე ჩანს გენერალი ალექსანდრ ლაპინი, რომლის გათავისუფლების შესახებაც ბევრი იწერებოდა. იანვარში ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლაპინი რუსეთის სახმელეთო ჯარების მთავარი შტაბის ხელმძღვანელად დაინიშნა.
უკრაინის ხელისუფლებაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
კრემლის პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნული ვიზიტები არ ყოფილა წინასწარ მომზადებული. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ პუტინი Восток-ის დაჯგუფების შტაბშიც იმყოფებოდა - აღნიშნული დანაყოფი Росгвардия-ს ეკუთვნის, სწორედ აქ მოახსენა შექმნილი ვითარების შესახებ ალექსანდრ ლაპინმა.
კონტექსტი
ომის დაწყების შემდეგ ეს ვლადიმირ პუტინის პირველი ვიზიტია ოკუპირებულ ხერსონისა და ლუჰანსკის ოლქში. 19 მარტს მკაცრი გასაიდუმლოების ფარგლებში, ღამის საათებში ვლადიმირ პუტინი ოკუპირებულ მარიუპოლს ეწვია. კრემლის მიერ გავრცელებულ კადრებზე პუტინი თითქოს ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრება, უკრაინულმა მედიებმა მალევე ამოიცნეს პრო-რუსი აქტივისტები.
ამჯერად კი როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ შეტყობინებაშია ნათქვამია, პუტინმა სამხედრო მოსამსახურეებს აღდგომა მიულოცა და მათ რუსეთის არმიის ტაძრის მაკეტები გადასცა.
საყურადღებოა, რომ პროტოკოლის მიუხედავად ვლადიმირ პუტინს თან არ ახლდა არც გენერალური შტაბის მეთაური, ვალერი გერასიმოვი და არც თავდაცვის მინისტრი შოიგუ. საინტერესოა მიხაილ ტეპლინსკისთან შეხვედრის ამბავიც, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ საერთოდაც ჩამოაშორეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
ყურადღებას იქცევს გენერალ ლაპინთან შეხვედრაც, რომელსაც გასული წლის შემოდგომაზე ხარკოვთან განცდილ მარცხს აბრალებდნენ, ლაპინს მწვავედ აკრიტიკებდნენ რამზან კადიროვი და ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი.