კრემლმა კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქებაში უკრაინა დაადანაშაულა
კრემლში აცხადებენ, რომ კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი "უკრაინულმა მხარემ ააფეთქა."
ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"ახლა შეგვიძლია ცალსახად განვაცხადოთ, რომ ეს არის უკრაინული მხარის მიზანმიმართული დივერსია. ამ დივერსიამ შეიძლება ძალიან სერიოზული შედეგები მოიტანოს რეგიონის ათიათასობით მაცხოვრებლისთვის, გარემოსდაცვითი შედეგები, განსხვავებული ხასიათის შედეგები, რომელიც ჯერ უცნობია," - თქვა მან.
მისი თქმით, უკრაინის მიზანი ყირიმის წყალმომარაგების შეწყვეტა იყო.
"წყალსაცავში წყლის დონე ეცემა. შესაბამისად, არხისთვის წყლის მიწოდება მცირდება. როგორც ჩანს, დივერსია დაკავშირებულია იმასთანაც, რომ ორი დღის წინ დაიწყო ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციები. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალები მიზნებს ვერ აღწევენ. ეს შეტევა ჩავარდა," - აღნიშნა პესკოვმა.