კულება: ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქალაქის მერი გაიტაცეს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიის ქალაქ დნიპრორუდნეს მერი იევჰენი მატვეიევი გაიტაცეს.
რადიო თავისუფლების უკრაინულენოვანი სამსახურის ინფორმაციით, ქალაქი ოკუპანტების კონტროლის ქვეშ არ იმყოფება, თუმცა ყველა მხრიდან რუსული ძალებითაა ალყაშემორტყმული.
მანამდე, 11 მარტს, ოკუპანტებმა ქალაქ მელიტოპოლის მერი ივან ფედოროვი მოიტაცეს.
ფედოროვის ნაცვლად რუსებმა „მერად“ ოპოზიციონერი დეპუტატი გალინა დანილიჩენკო დანიშნეს.
უკრაინელი მერების გატაცება დაგმო საგარეო საქმეთა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა.
„ეს სუვერენულ ქვეყანაში არალეგიტიმური მმართველობის დამყარების მცდელობაა“, - განაცხადა ბორელმა.