კულება: ზამთრის ტერორის ჩავარდნა პუტინის მეხუთე მარცხი იყო
უკრაინამ დაამარცხა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ზამთრის ტერორი და ეს იყო მისი მეხუთე დიდი მარცხი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
"ჩვენს ისტორიაში ყველაზე რთულ ზამთარს გავუძელით. ცივი და ბნელი იყო, მაგრამ ჩვენ გაუტეხლები ვიყავით. ჩვენთან ერთად პარტნიორები იდგნენ მათი დახმარებით. გაიმარჯვა ევროკავშირმაც, რომელიც მოსკოვის დაცინვის მიუხედავად, ასევე არ გაიყინა რუსული გაზის გარეშე", - წერს ის.
კულებას თქმით, რუსეთის ფედერაციის პირველი მარცხი რუსეთის შეტევის პირველივე წუთებიდან უკრაინელებში შიშის ნაკლებობა იყო, მეორე კი რუსული ბლიცკრიგის მარცხი.
"მესამე მარცხი რუსეთის ფედერაციამ დიპლომატიურ ფრონტზე იგემა: მსოფლიო კოალიცია უკრაინისთვის, რეზოლუციები, იზოლაცია, შეიარაღების ნაკადები, სანქციები, ენერგეტიკული, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას", - განმარტა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მეოთხე დამარცხება მან მოსკოვის მიერ დაპყრობილი უკრაინის ტერიტორიების დაკარგვას უწოდა.
"საბოლოო გამარჯვებისკენ ჯერ კიდევ რთული გზაა. მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით როგორ მოვიგოთ. ჩვენ ამისთვის ყოველდღე უნდა ვიმუშაოთ და უკრაინის გვჯეროდეს." - აღნიშნა კულებამ.