კულებამ ბლინკენთან უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე ისაუბრა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 6 ივლისს სატელეფონო საუბრისას აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ისაუბრა. ამის შესახებ კულებამ Twitter-ზე დაწერა.
"ვესაუბრე აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრის წინ, სადაც ჩვენ ორივე ყურადღებას გავამახვილებთ რუსეთის აგრესიაზე და თავიდან ავიცილებთ რუსეთის მიერ სიცრუის გავრცელებას", - წერს ის.
კულებამ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.
"ჩვენ [ბლინკენთან ერთად] კოორდინირებული გვაქვს ნაბიჯები შეერთებული შტატებისგან და სხვა პარტნიორებისგან მძიმე იარაღის მიწოდების დასაჩქარებლად", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ინდონეზიაში 7-8 ივლისს გაიმართება.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტის მიხედვით, ბლინკენი ბალიში გაემგზავრება, რათა განამტკიცოს ამერიკის ვალდებულება საერთაშორისო პარტნიორებთან გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, მათ შორის სასურსათო და ენერგეტიკული დაუცველობის გადასაჭრელად და განიხილოს საერთაშორისო წესრიგისთვის საშიში რუსეთის აგრესია უკრაინაში.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, ბლინკენი G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან კომუნიკაციას არ აპირებს.