კვლევა: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლე პენი მაკრონს დაამარცხებდა
დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი ემანუელ მაკრონს დაამარცხებდა. ამის შესახებ BFMTV-ის დაკვეთით, Elabe ჯგუფის ჩატარებულ კვლევაში ვკითხულობთ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევით, ლე პენი არჩევნების მეორე ტურში ხმების 55%-ს მიიღებდა, ხოლო მოქმედი პრეზიდენტი მაკრონი - 45%-ს.
2022 წლის აპრილში ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში მაკრონმა ხმების 58.5% მიიღო, ლე პენმა - 41.5%.
"ემანუელ მაკრონი იბრძვის თავისი ელექტორატის შესანარჩუნებლად, რადგან ამჟამად მისი 10 ამომრჩევლიდან მხოლოდ შვიდი მისცემდა ხმას და მათი ხმები, ვინც ეწინააღმდეგება (ულტრა მემარჯვენეებს) გაცილებით მცირე იქნება", - თქვა ბერნარდ სანანესმა, Elabe ჯგუფის ხელმძღვანელმა.
სანანესმა გულისხმობდა ფენომენს, როდესაც ფრანგები ნებისმიერ კანდიდატს აძლევენ ხმას ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ. სწორედ ასეთი ერთიანობის შედეგად დაამარცხა 2002 წელს ჟაკ შირაკმა ჟან-მარი ლეპენი და 2017, 2022 წლებში ემანუელ მაკრონმა მარინ ლე პენი.
ლე პენის პოპულარობის ზრდა მაკრონის მიერ ინიცირებულმა ძალიან არაპოპულარულმა საპენსიო რეფორმამ განაპირობა.
ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი რეფორმის შესახებ დებატებში არ ერთვებოდა და მხოლოდ ახლახან თქვა, რომ თუ მისი პარტია ხელისუფლებაში მოვა, ის გაუქმდება და ალტერნატიული წინადადება რეფერენდუმზე დამტკიცდება.