კვლევა: უკრაინელების 85% რუსეთისთვის ტერიტორიული დათმობების წინააღმდეგია
უკრაინელების 85% არავითარ შემთხვევაში არ არის მზად რუსეთთან ტერიტორიული დათმობისთვის. ამას კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც 2 იანვარს გამოქვეყნდა.
ამავდროულად, გამოკითხულთა 8%-ს მიაჩნია, რომ მშვიდობის სწრაფი აღდგენისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის, უკრაინამ შესაძლოა დათმოს ზოგიერთი ტერიტორია.
გამოკითხულთა 6%-ს უჭირს პასუხის გაცემა.
"უკრაინის ყველა რეგიონში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ეწინააღმდეგება ყოველგვარ ტერიტორიულ დათმობას. აღმოსავლეთის მაცხოვრებლებს შორისაც კი, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს, 80% დათმობების წინააღმდეგია (მხოლოდ 9% არის მზად დათმობაზე), სამხრეთის მაცხოვრებლების 82% წინააღმდეგია (მზად არის მხოლოდ 10%)", - აცხადებენ სოციოლოგები.
4-27 დეკემბერს ჩატარებულ კვლევაში 18 წელზე უფროსი ასაკის 2005 უკრაინელი მონაწილეობდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა.