ლულა: ზელენსკის ომი უნდოდა, ომისთვის ისევეა დამნაშავე, როგორც პუტინი
ბრაზილიის ყოფილმა (2003-2011) და ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ ჟურნალ ტაიმისთვის მაისში მიცემულ ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე ომზე ილაპარაკა.
ლულამ ინტერვიუში დასავლეთთან ერთად უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ ზელენსკის ომი უნდოდა და მას ისეთივე პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც ვლადიმირ პუტინს.
"პუტინი უკრაინაში არ უნდა შეჭრილიყო, თუმცა დამნაშავე მხოლოდ პუტინი არაა. აშშ და ევროკავშირიც დამნაშავენი არიან. რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში? ნატო-ს გამო? მაშინ აშშ-ს და ევროპას უნდა ეთქვათ, რომ უკრაინა ნატო-ში არ შევა. ეს გადაჭრიდა პრობლემას", - თქვა ბრაზილიის მომავალმა პრეზიდენტმა.
დასავლეთის კრიტიკის შემდეგ, უკვე ვოლოდიმირ ზელენსკის ჯერი დადგა:
"ზოგჯერ ვზივარ და ტელევიზორში უკრაინის პრეზიდენტს ვუყურებ, ტაშს უკრავენ, ყველა ევროპელი პარლამენტარი ფეხზე უდგება. ეს ბიჭი ომზე ისევეა პასუხისმგებელი, როგორც პუტინი. რადგან ომში მხოლოდ ერთი დამნაშავე არ არსებობს".
ლულას თქმით, ზელენსკის ბრალეულობა იმაშია, რომ მას ომის დაწყებამდე რუსეთთან მოლაპარაკება სათანადოდ არ უცდია. ჟურნალისტის შენიშვნაზე, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებას ცდილობდა, ლულამ პასუხად განაცხადა:
"არა, არ უცდიათ. ძალიან ცოტა ილაპარაკეს. თუ მშვიდობა გინდა, მოთმინება უნდა იქონიო".
ამის შემდეგ ტაიმის ჟურნალისტმა ლულას კითხა, როგორ უნდა ელაპარაკა ზელენსკის პუტინთან, როცა 100 ათასი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან იდგა, რაზეც ლულამ ასე უპასუხა:
"უკრაინის პრეზიდენტს არ ვიცნობ, მაგრამ მისი ქცევა ცოტა უცნაურია. თითქოს, სპექტაკლის ნაწილია. დღედაღამ ტელევიზორშია. ხან ბრიტანეთის პარლამენტშია, ხან გერმანიის, ხან საფრანგეთის, ხან იტალიის, თითქოს პოლიტიკურ კამპანიას ატარებს. ის ახლა მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იყოს".
ხოლო შეკითხვაზე, ეტყოდა თუ არა ზელენსკის ამ ყველაფერს, რადგან ზელენსკის ომი არ ნდომებია, ლულამ ჟურნალისტს მიუგო:
"მას ომი უნდოდა. ომი რომ არ ნდომებოდა, ცოტა მეტს მოილაპარაკებდა. ეგაა. [მარტში] მეხიკოში რომ ვიყავი, პუტინი გავაკრიტიკე, ვთქვი, რომ [უკრაინაში] შეჭრა შეცდომა იყო. მაგრამ არ ვთვლი, რომ ვინმე ცდილობს, მშვიდობა დამყარდეს. ხალხი პუტინის წინააღმდეგ სიძულვილს აღვივებს. ეს ვერაფერს უშველის! ჩვენ შეთანხმების მიღწევა გვჭირდება, მაგრამ ხალხი ომს აქეზებს".
შემდეგ ლულამ დაამატა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასეთი გზავნილი უნდა მიიღოს:
"კი, კარგი კომედიანტი იყავი. მაგრამ შენს ტელევიზორში გამოსაჩენად ნუ ვიომებთ. პუტინს კი ვუთხრათ, რომ ბევრი იარაღი კი აქვს, მაგრამ არაა საჭირო, უკრაინაში გამოიყენოს. მოდი, ვილაპარაკოთ!".
ბრაზილიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. მემარცხენე მშრომელთა პარტიის კანდიდატმა, ლუის ინასიუ და სილვა ლულამ მცირე სხვაობით დაამარცხა მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე პოლიტიკოსი ჟაირ ბოლსონარუ.
ლულა ბრაზილიის პრეზიდენტი მესამე ვადით ხდება - სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე ის 2003-იდან 2011 წლამდე მსახურობდა.