მასკმა როგოზინის მუქარას უპასუხა: თუ იდუმალ გარემოებებში მოვკვდები, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა
ამერიკული კომპანიების SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი Twitter-ზე 9 მაისს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია Роскосмос-ის ხელმძღვანელის, დიმიტრი როგოზინის მუქარას გამოეხმაურა.
8 მაისს როგოზინმა თქვა, რომ Starlink-ის აღჭურვილობა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს „სამხედრო ვერტმფრენებით“ გადაეცათ. ოფიციალურმა პირმა გაიმეორა რუსული პროპაგანდისტული ბრალდებები, რომ მასკი უკრაინაში "ფაშისტურ ძალებს" უჭერს მხარს და თქვა, რომ ამჯერად მას "სრულწლოვანივით მოუწევს პასუხისგება".
„თუ იდუმალ გარემოებებში მოვკვდები, სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა“, - მიმართა მასკმა Twitter-ის მომხმარებლებს.
გამომწერების უმეტესობამ მასკის სიტყვები ხუმრობად მიიღო და მის პოსტს ირონიული სახით კომენტარს აკეთებდა. ბიზნესმენის დედამ, მოდელმა და მწერალმა მეი მასკმა მას უპასუხა, რომ "ეს არ არის სასაცილო".