მედესანტეები და როსგვარდია - Reuters-მა ბუჩაში სამხედროების ვინაობა დაადგინა
დადგენილია ბუჩას სასაკლაოში მონაწილე ზოგი რუსი სამხედროს ვინაობა, როგორც აღმოჩნდა ოკუპირებულ ბუჩაში იმყოფებოდნენ ფსკოველი მედესანტეები, სპეცრაზმელები და ჩეჩნური დაჯგუფებები.
ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს - სააგენტომ ბუჩაში მყოფ რუს სამხედრო შენაერთებთან დაკავშირებით მოცულობითი ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
Reuters-ის გამოძიება მოწმეთა მონაყოლს, ქსელში გამოჟონილ ინფორმაციას და ადგილზე აღმოჩენილ ნივთ-მტკიცებებს ეყრდნობა.
ჟურნალისტებმა ბუჩას ქუჩებში აღმოაჩინეს სპეცდანიშნულების რაზმ, Витязь-ის მებრძოლის პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი. თავის მხრივ აღნიშნული სპედანიშნულების რაზმი როსგვარდიის შემადგენლობაში შედის.
ერთ-ერთ გაძარცვულ საცხოვრებელ სახლში ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს სასიყვარულო შინაარსის წერილი, რომლის ადრესატიც ფსკოვის 76-ე გვარდიული სადესანტო დაჯგუფების ჯარისკაცი იყო.
ამავე დივიზიის კიდევ ერთი მებრძოლის ვინაობის დადგენა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელეზე დატოვებული გრაფიტით მოხერხდა.
გარდა ამისა მოწმეთა მონაყოლისა და ვიდეო ჩანაწერების ანალიზის შედეგად სააგენტოს ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ბუჩაში იმყოფებოდა რამდენიმე ჩეჩნური დაჯგუფებაც.
კიევის მიმართულებით განცდილი მარცხის შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ჩრდილოეთიდან ჯარების გამოყვანა დაიწყო, რის შედეგადაც გათავისუფლა მანამდე ოკუპირებული კიევის შემოგარენი, მათ შორის ბუჩა, ირპენი და ბოროდიანკა.
ადგილზე მისულმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფებმა ამ დასახლებებში მასობრივი საფლავები, მშვიდობიანი მოსახლეობის დახვრეტილი გვამები აღმოაჩინეს.
განსაკუთრებით შემზარავი სურათი იყო ბუჩაში, სადაც სხვადასხვა მონაცემებით რუსმა ოკუპანტებმა 400-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დახვრიტეს.