მერკელი: კარგია, რომ აშშ ევროკავშირის მთავარი მოკავშირეა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ აშშ გერმანიის და მთლიანად ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ მერკელმა მისი მშობლიური ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური პარტიების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ისაუბრა.

"გერმანია არ არის დაინტერესებული, რომ მსოფლიო კვლავ ორ ბანაკად გაიყოს, როგორც ეს ცივი ომის დროს მოხდა, თუმცა კარგია, რომ ევროპის მთავარი მოკავშირე აშშ და თავად ევროკავშირი აქტიურ შეჯიბრში არიან ჩინეთთან და რუსეთთან", - თქვა მერკელმა. 

მერკელის თქმით, იგი ყოველთვის მხარს უჭერდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. გერმანიის კანცლერმა თქვა, რომ ჩინეთთან ურთიერთობის საკითხში ყურადღება ამ ქვეყანაში ადამიანების ფუნდამენტური უფლებების სისტემურ დარღვევებზე უნდა გამახვილდეს.

ამასთანავე, მერკელი ამბობს, რომ სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებში ჩინეთის მონაწილეობა აუცილებელია, რადგან ეს ევროპის ინტერესებს პასუხობს. 

წინა დღეებში ლონდონში დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მის გერმანელ კოლეგას, ჰაიკო მაასს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ აშშ კატეგორიულად ეწინააღმდეგება Nord Stream 2-ის გაზსადენს. 

ამავდროულად აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუშვა ტრანსატლანტიკური პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას რუსეთისა, ჩინეთისა და ირანის დესტაბილიზაციური ქმედებების ფონზე. 

 

მსგავსი სიახლეები