მილიარდერი ვარდანიანი მთიანი ყარაბაღის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს

ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი არაღიარებული მთიანი ყარაბაღის (არცახის) მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი განკარგულება 23 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე გამოქვეყნდა, რომელსაც არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი არაიიკ ჰარუტიუნიანი ხელმძღვანელობდა.

"მთელი ამ ხნის განმავლობაში მე და რუბენ ვარდანიანი ერთად ვიყავით, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობდა როგორც არცახში, ასევე გარე სამყაროში, მუდმივად ვცვლიდით იდეებს არსებული სიტუაციიდან გამოსავლის შესახებ", - თქვა ჰარუტიუნიანმა და მადლობა გადაუხადა ვარდანიანს გაწეული სამუშაოსთვის.

არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურობა გენერალურ პროკურორს, გურგენ ნერსისიანს შესთავაზეს.

ალიევი ვარდანიანის წინააღმდეგ

2023 წლის 21 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანი შეთანხმდა საერთაშორისო პარტნიორებთან, განიხილონ "ყარაბაღში სომხური უმცირესობის უფლებები და გარანტიები."

მან არაღიარებული მთიანი ყარაბაღის სახელმწიფო მინისტრ რუბენ ვარდანიანზე ისაუბრა და თქვა, რომ ბაქოს არ სურს მოლაპარაკება იმ პირთან, რომელიც რუსეთიდანაა ექსპორტირებული, რათა წამყვანი პოზიცია ჰქონდეს ყარაბაღში."

"შესაძლოა "ექსპორტი" არ არის სწორი სიტყვა", - აღნიშნა მან. "მირჩევნია გამოთქმა "კონტრაბანდულად შემოტანილი."

ალიევმა ასევე უარყო, რომ აზერბაიჯანი ბლოკავს ლაჩინის დერეფანს - გზას, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს და თქვა, რომ თებერვლის დასაწყისში ვარდანიანის სავარაუდო ვიზიტი მოსკოვში იყო იმის დასტური, რომ რეგიონი არ არის ბლოკადაში.

"არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა [ვარდანიანი] ყარაბაღში და როგორ ახერხებს წასვლას ერევანში, შემდეგ მოსკოვში, შემდეგ კი ერევანში და შემდეგ ყარაბაღში. მხოლოდ ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ბლოკადა არ არის." - თქვა ალიევმა

კონტექსტი

გასული წლის სექტემბრის დასაწყისში ვარდანიანმა განაცხადა, რომ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და გადავიდა მთიან ყარაბაღში. 4 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ის არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურობას დათანხმდა.

რუბენ ვარდანიანი საინვესტიციო კომპანია Тройка Диалог-ის ყოფილი მფლობელია. 2021 წელს ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება მილიარდ დოლარად შეაფასა და რუსეთის 200 უმდიდრესი ადამიანის სიაში შეიყვანა.

2019 წლის მარტში, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრმა (OCCRP) გამოაქვეყნა გამოძიება Тройка Диалог-ის ოფშორული კომპანიის სისტემაზე, რომლის მეშვეობითაც ფული ფარულად ერიცხებოდათ რუსეთის ყველაზე გავლენიან ადამიანებს. 2006-2013 წლებში ამ კომპანიების ანგარიშებიდან 4.5 მილიარდ დოლარზე მეტი გავიდა.

მსგავსი სიახლეები