მოლდოვამ რუსეთს შეახსენა, რომ მისმა ჯარებმა დნესტრისპირეთი უნდა დატოვონ

მოლდოვის საგარეო საქმეთა და ევროპასთან ინტეგრაციის სამინისტრომ უპასუხა რუსეთის განცხადებებს დნესტრისპირეთში უკრაინის მიერ სავარაუდო პროვოკაციების მომზადების შესახებ. მოლდოვის ხელისუფლებამ რუსეთს შეახსენა, რომ დნესტრისპირეთიდან საოკუპაციო ჯარი უნდა გავიდეს.

სამინისტროს განცხადებას Newsmaker ციტირებს.

მოლდოვის განცხადებით, რომ რუსეთის ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას.

"რუსეთის ხელისუფლების ცნობები უკრაინის მიერ დნესტრისპირეთში პროვოკაციების შესახებ არ შეესაბამება რეალობას. მოლდოვის ხელისუფლება უარყოფს ამ განცხადებებს და მათ უსაფუძვლოდ თვლის, რაც ხდება საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მიზნით. რეგიონში უსაფრთხოების მდგომარეობა სტაბილურია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. 

ამავდროულად, სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლდოვის ხელისუფლება დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით განიხილავს.

"ამ კუთხით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი განცხადება პროვოკაციულად მიგვაჩნია და ვადასტურებთ მოლდოვის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის აუცილებლობას", - აღნიშნეს სამინისტროში.

23 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორჯერ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დნესტრისპირეთში შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავდნენ. მოლდოვისა და უკრაინის ხელისუფლებებმა ეს ბრალდებები უარყვეს.

24 თებერვალს მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ უარყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადება დნესტრისპირეთში უკრაინის მიერ სავარაუდო პროვოკაციის მომზადების შესახებ.

მსგავსი სიახლეები