მოლდოვის თავდაცვის მინისტრი რუსეთს ჰიბრიდულ ომში ადანაშაულებს
მოლდოვას ჯერ არ ემუქრება "მყისიერი სამხედრო საფრთხე", მაგრამ არის რუსეთის მიერ დაწყებული "ჰიბრიდული ომის" ობიექტი. ამის შესახებ AFP-სთან ინტერვიუში 3 მარტს, მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი ნოსატიმ განაცხადა.
"პირდაპირი სამხედრო საფრთხე მოლდოვას ჯერ არ ემუქრება, მაგრამ არსებობს სხვა სახის საფრთხეები, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე - ჰიბრიდული ომი", - თქვა მან.
"ჩვენს საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებით, დაძაბულობის შექმნით, რუსეთი ცდილობს შეცვალოს პოლიტიკური წყობა, დესტაბილიზაცია მოახდინოს და დაამხოს ხელისუფლება", - აღნიშნა მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, "ახლა ყველაზე დიდი გამოწვევა არის პროვოკაციების სერია, რომლის გამოყენებასაც რუსეთის ფედერაცია სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის ცდილობს."
ერთი დღით ადრე, მოლდოვის პოლიციის გენერალური კომისარიატის უფროსმა ვიორელ ჩერნაუცანუმ რუსეთის სპეცსამსახურები ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს დესტაბილიზაციის მომზადებაში დაადანაშაულა.
"პოლიციამ მიიღო ოპერატიული მონაცემები რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მიერ მოლდოვის რესპუბლიკაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მომზადების შესახებ, რომლებიც დაგეგმილი იყო ოპოზიციის საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის დღეს", - განაცხადა ჩერნაუცანუმ.
იმავე დღეს კიშინიოვში პარტია "შორის" მიერ ორგანიზებული ანტისამთავრობო დემონსტრაცია ჩატარდა.