მოსკოვიდან ფრენები შესაძლოა უკვე მომდევნო კვირიდან განახლდეს - РБК
ერთ-ერთი რუსული ავიაკომპანია Азимут და ქართული Georgian Airways მომდევნო კვირიდან მოსკოვი თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყებისთვის ემზადებიან.
ინფორმაციას ამის შესახებ РБК ავრცელებს.
ფრენების აღდგენის სავარაუდო თარიღაც 16-18 მაისი სახელდება. ორივე კომპანიის წარმომადგენელი გამოცემასთან საუბარში გამოთქვამს იმედს, რომ ფრენები მომდევნო 10 დღის განმავლობაში განახლდება. არსებული ინფორმაციით შესაბამისი მოთხოვნით მათ უკვე მიმართეს თბილისის და ბათუმის აეროპორტების ოპერატორს TAV Georgia-ს.
Азимут თბილისში კვირაში 6 ფრენას გეგმავს. Georgian Airways-ის ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი РБК-სთან საუბარში ამბობს, რომ საჭიროა ფორმალობების მოგვარება, რასაც რამდენიმე დღე დასჭირდება, რის შემდეგაც უკვე შესაძლებელი იქნება ბილეთების გაყიდვა.
გამოცემის ინფორმაციით ფრენები რუსული წარმოების Superjet-ის თვითმფრინავებით შესრულდება, აღნიშნული თვითმფრინავები რუსული სალიზინგო თვითმფრინავების საკუთრებაში და შესაბამისად რუსეთის ავიაპარკის 95%-სგან განსხვავებით არ არის სანქცირებული.
იმავე თვითმფრინავებით ოპერირებს კიდევ ერთი რუსული კომპანია Red Wing, რომელიც თბილისის მიმართულებით კვირაში 7 ფრენას გეგმავს.
კონტექსტი
10 მაისს ვლადიმირ პუტინმა გააუქმა 2019 წელს მის მიერვე დაწესებული შეზღუდვა რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირ ფრენებზე. პუტინის ეს გადაწყვეტილება თბილისში გამართულ ანტი-საოკუპაციო აქციებს მოჰყვა. გარდა ამისა 10 მაისს გაუქმდა საქართველოსთვის დაწესებული რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა.
საქართველოს ხელისუფლებაში მიესალმნენ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებას და ღიაობა გამოთქვეს მათ შორის ფრენების აღდგენის საკითხზე სამუშაოდ.
საქართველოს სტრატეგიული მეგობრები ქვეყანას იმ შესაძლო შედეგების შესახებ აფრთხილებენ, რომელიც შესაძლოა რუსული თვითმფრინავების გამოჩენას მოჰყვეს.
შესაძლო სანქციების შესახებ საქართველო გააფრთხილა ევროკავშირის წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ვედანტ პატელმა.