ნატოს ჯარების მეთაური კონგრესში საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდაზეც ისაუბრებს

ევროპაში ნატოს ჯარების მეთაური, გენერალი კრისტოფერ კავოლი დღეს კონგრესს მიმართავს - სიტყვა მიეძღვნება რუსეთისგან მომავალ გრძელვადიან საფრთხეს, კრემლის ძირგამომთხრელ საქმიანობას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, რუსეთის, ჩინეთის, ირანისა და ჩრდილო კორეის მზარდ კოორდინაციასა და რუსეთ-უკრაინის ოში ბრძოლის ველზე შექმნილი მდგომარეობის შეფასებას. 

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა KyivPost ავრცელებს, რომელმაც გენერლის გამოსვლის დოკუმენტი მოიპოვა. გამოცემა გენერლის სავარაუდო გამოსვლის ამონარიდებს ავრცელებს. 

  • კავოლის შეფასებით, დასავლური ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეები ცივი ომის დასრულების შედეგ უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა, რაც აშშ-ს მეთაურობით ნატოსგან შესაბამის მზაობას და ცვლილებებს მოითხოვს. 

  • თავდაცვის კომიტეტში გამოსვლისას კავოლი ასევე ისაუბრებს რუსეთის რეგიონულ ამბიციებზე, რომელიც მისი შეფასებით "ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში რუსეთის გადამწყვეტ გავლენის დამყარებაა"- საუბარია ქვეყნებზე, რომლებსაც რუსეთში მახლობელ საზღვარგარეთს უწოდებენ. 

  • კავოლის თქმით, რუსეთი აქტიურად ცდილობს მომიჯნავე რეგიონებში საკუთარი გავლენის დამყარებას აშშ-ს ინტერესების ხარჯზე - "საქართველოში პრო-რუსულმა ქართული ოცნების პარტიამ თბილისი მოსკოვთან დაახლოვა. რუსეთის გავლენა გაიზარდა მოლდოვაში 2024 წლის ნოემბერში, როდესაც აქტიურად მოსყიდვისა და კიბერშეტევეში ჩაერთო."

Big Picture: კავოლი ყურადღებას გაამახვილებს მოსკოვი-პეკინი-თეირანი-ფხენიანის ღერძის მზარდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კოორდინაციაზე. გენერალის შეფასებით, ეს ქვეყნები იზიარებენ რუსეთის ხედვას მრავალ-პოლუსიანი მსოფლიოს შესახებ და რუსეთის მთავარი ეკონომიკური პარტნიორები არიან. 

  • ამის მაგალითად კავოლის ჩინეთსა და რუსეთს შორის გაზრდილი ენერგეტიკული ვაჭრობა მოჰყავს - პროცესში სულ უფრო მეტად იყენებენ ეროვნულ ვალუტებს და SWIFT-ის ალტერნატიულ სისტემებს, რაც ამცირებს მეორადი სანქციების რისკს. 

Context: ამ თემებთან ერთად კავოლის გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთ-უკრაინის ომში ბრძოლის ველზე შექმნილი ვითარების ანალიზს დაეთმობა. გენერალი გეგმავს თავდაცვის კომიტეტს განუცხადოს, რომ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ახლო მომავალში ომის შეწყვეტას განიხილავს. 

  • კავოლის თქმით, ამჟამად ფრონტის ხაზზე რუსეთს უფრო მეტი სამხედრო ჰყავს (600 ათასი), ვიდრე სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყისში. ეს მიუხედავად იმისა, რომ გასული 3 წლის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებმა კავოლის შეფასებით 800 ათასს მიაღწია. 

  • ნატოს დაზვერვის ინფორმაციით, მხოლოდ გასულ წელს რუსეთა 3 000 ტანკი, 9 000 დაჯავშნული მანქანა, 13 000 საარტილერიო დანადგარი და 400-ზე მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა დაკარგა - თუმცა შეიარაღების დანაკარგების ჩანაცვლების ტემპი მოსალოდნელზე საგრძნობლად მაღალია. 

მსგავსი სიახლეები