ნავალნიმ კარა-მურზას დაპატიმრებას "ფაშისტური" უწოდა
რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ პოლიტიკოს ვლადიმერ კარა-მურზასთვის გამოტანილ განაჩენს "უკანონო, არაკეთილსინდისიერი და ფაშისტური" უწოდა. ნავალნის განცხადება მისმა თანამოაზრემ, ივან ჟდანოვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა.
"სასჯელი, რომელიც მან მიიღო, არის შურისძიება იმის გამო, რომ ის თავის დროზე არ მოკვდა, გადაურჩა ორ მოწამვლას, რომლებიც, უკვე დადასტურდა, რომ რუსეთის ФСБ-ს მიერ იყო ჩადენილი", - თქვა ნავალნიმ და აღნიშნა, რომ კარა-მურზა პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
"ძალიან ვდარდობ მის ჯანმრთელობაზე. მე მეორე მოწამვლის შემდეგ ვნახე, პრაქტიკულად როგორ განადგურდა მისი ჯანმრთელობა", - განაცხადა ნავალნიმ.
17 აპრილს, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ვლადიმერ კარა-მურზას სამ საქმეზე გამოუტანა განაჩენი და 25 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის კოლონიაში თავისუფლების აღკვეთა და 400 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.
თავის ბოლო სიტყვაში კარა-მურზამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკური დევნილია და არაფერს ნანობს - "ხელს ვაწერ თითოეულ სიტყვას, რომელიც წარმომითქვამს და რომლის გამოც ბრალს მდებენ."
კარა მურზას თქმით, როგორც წესი ბოლო სიტყვას ბრალდებულები სამართლიანი განაჩენისთვის ითხოვენ, თუმცა თვითონ ამის იმედი არ აქვს. "მე ვიცი ჩემი განაჩენი, მე ვიცოდი ის ჯერ კიდევ 1 წლის წინ, როდესაც ჩემი ავტომობილის სარკეში შავ ფორმაში ჩაცმული ხალხი დავინახე."