ნეთანიაჰუ: ისრაელი ომს არ შეწყვეტს, სანამ ყველა მიზანს არ მიაღწევს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჰამასის განადგურების ერთადერთი გზა ღაზაში ისრაელის შეიარაღებული ძალების სახმელეთო შეჭრის გაგრძელებაა.
ნეთანიაჰუმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ომი ამ მიზნის მიღწევამდე გაგრძელდება და აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს მუშაობას ჰამასის მიერ ჯერ კიდევ ღაზაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად.
"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისინი სახლში დავაბრუნოთ, შევასრულოთ ეს მისია, მაგრამ ასევე გავანადგუროთ ჰამასი, და დავრწმუნდეთ, რომ ჰამასი აღარასოდეს იქნება ჩვენთვის საფრთხე და არ იქნება არც ერთი ჯგუფი, რომელიც ისრაელს ღაზადან ემუქრება," - განაცხადა ისრაელის პრემიერმა. "მკაფიოდ და გარკვევით ვამბობ: ჩვენ გავაგრძელებთ ომს მანამ, სანამ არ მივაღწევთ ყველა ჩვენს მიზანს… გამარჯვების და სახმელეთო ოპერაციის გარდა, ამ მიზნების მიღწევის გზა არ არსებობს."
აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ნეთანიაჰუ გააფრთხილეს, რომ ისრაელს არ ექნება მანევრირების უნარი და მხარდაჭერა, თუ ბრძოლა თვეების განმავლობაში გაგრძელდება.
ნეთანიაჰუ მიესალმა ტყვეების პალესტინელ პატიმრებში გაცვლას, რამაც ისრაელს გასულ კვირაში 100-ზე მეტი მძევალის დაბრუნების საშუალება მისცა - "ჩვენ ისინი სიბნელიდან სინათლეში დავაბრუნეთ," - აღნიშნა მან.
მისი თქმით, შეთანხმება შედგა "ეშმაკთან" და მან უზრუნველყო საწყის შეთანხმებაზე ორჯერ მეტი მძევლის თავისუფლება.
"მაგრამ მისია არ დასრულებულა... გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა დაბრუნდეს." - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ომის სამი მთავარი მიზანი: მძევლების დაბრუნება, ჰამასის დამარცხება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა არ შეიძლება იყოს საფრთხე ისრაელისთვის მომავალში.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ზავის დღეები ჰამასის წინააღმდეგ "ტოტალური გამარჯვებისთვის" უკეთ მოსამზადებლად გამოიყენა.