ნორვეგიის არმიის მეთაური: რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 180 ათასს აღემატება
რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 180 ათასს აღემატება - ეს რიცხვი მოიაზრებს მოკლულების, დაჭრილების და დეზერტირების ჯამურ რაოდენობას.
ამის შესახებ ნორვეგიის არმიის მეთაურმა ეირიკ კრისტოფერსენმა ტელეარხ TV2-თან ინტერვიუში განაცხადა.
კრისტოფერსენის თქმით, მასშტაბური დანაკარგების მიუხედავად სამხედრო მობილიზაციის შემდეგ რუსეთს აქვს საკმარისი ცოცხალი ძალა და რესურსი ომის გასაჭიანურებლად.
"მე რაც მაღელვებს ის არის - შეძლებს თუ არა უკრაინის არმია დატოვოს ომს მიღმა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში წარმატებით ახერხებდნენ.
კრისტოფერესენის თქმით, უკრაინისთვის აუცილებელია დასავლური წარმოების მძიმე საბრძოლო ტანკების გადაცემა - "თუ ისინი აპირებენ იერიშზე ზამთარში გადავიდნენ, ტანკები ძალიან სწრაფად დაჭირდებათ",- განაცხადა კრისტოფერსენმა.
რაც შეეხება უკრაინის დანაკარგებს კრისტოფერსენის თქმით, უკრაინის არმიის დანაკარგები 100 ათასის ფარგლებშია, თუმცა ჯარისკაცების გარდა რუსეთის აგრესიას 30 ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
კონტექსტი
უკრაინის გენშტაბის ოფიციალური მონაცემების მიხედვით 24 თებერვლის შემდეგ მოკლულია 110 ათასზე მეტი ოკუპანტი. თავის მხრივ, უკრაინული მხარე საკუთარ დანაკარგებზე ცნობებს ხშირად არ ავრცელებს.
რუსეთმა საკუთარი დანაკარგების შესახებ ინფორმაცია სულ ორჯერ გაავრცელა - პირველად 25 მარტს, მაშინ კონაშენკოვი იტყობინებოდა, რომ დანაკარგები 600 ჯარისკაცს არ აღემატებოდა. მეორედ 21 სექტემბერს, მაშინ სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთის არმიის დანაკარგები 5 900 ჯარისკაცს შეადგენს.