ოლენა ზელენსკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს შეხვდა
16 მაისს უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით სამხრეთ კორეაში ჩავიდა. ამის შესახებ მან Twitter-ზე განაცხადა.
ზელენსკამ ვიზიტი პრეზიდენტ იუნ სოკ იოლთან შეხვედრით დაიწყო.
"გმადლობთ უკრაინისადმი ჰუმანიტარული დახმარებისა და თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის. ჩვენ ვაფასებთ, რომ კორეა მზადაა დაიცვას საერთაშორისო სამართალი ჩვენთან ერთად. დღეს უკრაინას სჭირდება უახლესი ტექნოლოგიები. პრეზიდენტ იოლთან საჰაერო თავდაცვის, განაღმვის და სამედიცინო აღჭურვილობის საჭიროება განვიხილეთ." - განაცხადა მან შეხვედრების დასრულების შემდეგ.
ზელენსკას მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მას თან ახლავს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე როსტისლავ შურმა და პირველი ვიცე პრემიერი - უკრაინის ეკონომიკის მინისტრი იულია სვირიდენკო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა უკრაინის ელჩი სამხრეთ კორეაში დიმიტრი პონომარენკო.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა დაწერა, რომ ზელენსკა ქვეყანაში მისი მეუღლის, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით იმყოფება. იუნმა სამხრეთ კორეელი ერის სახელით მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელებს, ასევე მიუსამძიმრა ომში დაღუპულთა ოჯახებს და უკრაინელ ხალხს.
"ძალის გამოყენება და არაადამიანური ქმედებები, რომლებიც იწვევს უდანაშაულო ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების საშინელ სიკვდილს, ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელია", - თქვა მან.
19 აპრილს სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა Reuters-ისთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინას შესაძლოა ქვეყანამ ლეტალური შეიარაღება გადასცეს.