ფრანგი გენერლები: სამოქალაქო ომის ასარიდებლად, შესაძლოა სამხედრო მმართველობა დაგვჭირდეს
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, გადამდგარი გენერლები და მოქმედი სამხედროები, რომელთაც ხელი მოაწერეს ღია წერილს სამხედრო მმართველობის აუცილებლობის შესახებ მკაცრად დაისჯებიან.
საუბარია საფრანგეთის არმიის 20 გადამდგარ გენერალზე და რამდენიმე მოქმედი სამხედრო პირის საჯარო წერილზე, რომელშიც სამხედროები რადიკალი ისლამისტებისგან მომავალ სამოქალაქო ომის საფრთხეზე და სამხედრო მმართველობაზე საუბრობდნენ.
სამხედროების წერილში ნათქვამი იყო, რომ თუ საფრანგეთის მთავრობა მკაცრ პასუხს არ გასცემს ისლამისტების მოქმედებებს გარეუბნებში, ქვეყანას სამოქალაქო ომის საფრთხე ემუქრება, რაც ათასობით მოქალაქის სიკვდილს გამოიწვევს.
საფრანგეთის მთავრობამ კატეგორიულად დაგმო ყოფილი სამხედროების ღია წერილი, რომელიც ვერშემდგარი სამხედრო გადატრიალებიდან 60 წლისთავზე გამოქვეყნდა. 60 წლის წინ ფრანგი გენერლების ნაწილმა ალჟირისთვის დამოუკიდებლობის გადაცემის მიზეზით სამხედრო გადატრიალების მოწყობა სცადა, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
"ეს სამხედროებისგან ყოვლად მიუღებელია", - განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ. მინისტრის თქმით, ყოფილმა სამხედროებმა დაარღვიეს კანონი, რომელიც მათ სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას ავალდებულებს. ფლორენს პარლის თქმით, მთავრობა მკაცრ პასუხს გასცემს ყოფილ სამხედროებს. მინისტრი ამბობს, რომ უკვე ესაუბრა არმიის ხელმძღვანელს და შესაბამისი დისციპლინის დამყარება დაავალა.
ყოფილი სამხედროების წერილი მემარჯვენე გაზეთ Valeurs Actuelles-ში გამოქვეყნდა, მიმართვაში სამხედროები წერდნენ, რომ სამოქალაქო ომის შესაჩერებლად შესაძლოა საჭირო გახდეს სამხედრო მმართველობა.
ყოფილი სამხედროების წერილი მთავრობის გარდა დაგმეს მემარცხენე პარტიებმაც, მაგრამ წერილს დადებითად გამოეხმაურა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსი მარინ ლე პენი.
"მე გიწვევთ თქვენ, შემოგვიერთდეთ მომავალ ბრძოლაში, რომელიც იქნება გადაწყვეტი ბრძოლა საფრანგეთისთვის", - წერდა ლე პენი სამხედროებისთვის გაგზავნილ საპასუხო გზავნილში.
სამხედროების მიმართვას ხელი მოაწერა კრისტიან პიკერნალმა, რომელიც წარსულში საფრანგეთის უცხოურ ლეგიონს ხელმძღვანელობდა. 2016 წელს პიკერნალი ანტი-ისლამისტურ მიტინგში მონაწილეობისთვის დააპატიმრეს. წერილის ტექსტის ავტორი, ყოფილი მაღალი რანგის ოფიცერი ჟან-პიერ-ფაბრ-ბერნადაკი იყო, გზავნილს შეუერთდა დაბალი რანგის 1 000-მდე ყოფილი ოფიცერიც.
"საფრანგეთი საფრთხეშია, ჩვენს ქვეყანას რამდენიმე სასიკვდილო საფრთხე ემუქრება. პენსიაშიც, ჩვენ საფრანგეთის ჯარისკაცებად ვრჩებით და შექმნილ ვითარებაში ვერ ვიქნებით გულგრილები ჩვენი ლამაზი ქვეყნის ბედის მიმართ", - ნათქვამია წერილში.
ყოფილი სამხედროების აზრით, საფრანგეთი რადიკალი ისლამისტების გამო დეზინტეგრაციას განიცდის. მათი თქმით, რადიკალი ისლამისტები მსხვილი ქალაქების გარეუბნებში მოქალაქეების ინდოქტრინაციას ეწევიან და ავრცელებენ დოგმებს, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ფრანგი გადამდგარი სამხედროების აზრით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს იღონებს, ქვეყანა სამოქალაქო ომისთვისაა განწირული. ხელმომწერი სამხედროები ამბობენ, რომ მათ პოზიციებს ქვეყნის სამხედრო წრეებში დიდი მხარდაჭერა აქვს და მათი კოლეგები მზად არიან მხარი დაუჭირონ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაზე იქნებიან ფოკუსირებულები.
უნდა ითქვას, რომ საფრანგეთის მოქმედი მთავრობა და პრეზიდენტი მაკრონი ყოფილი სამხედროების კრიტიკის ობიექტი წარსულშიც გამხდარან. ყოფილი სამხედროები მთავრობას ე.წ. ყვითელი ჟილეტების აქციების დროს პოლიციის მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისთვის აკრიტიკებდნენ.
ლე პენის ეროვნულ ფრონტში ამბობენ, რომ წერილის სულისკვეთება საფრანგეთის ისეთი პატრიოტების შეხედულებებს ემთხვევა როგორიცაა პიერ-დე ვილიერსი, რომელიც მაკრონმა არმიის ხელმძღვანელობიდან 2017 წელს გადააყენა.
ლე პენის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა თავდაცვის მინისტრმა ფლორენს პარლიმ. მისი თქმით, ყოფილ სამხედროებსა და ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატს შორის ერთგვარი ალიანსი კანონმდებლობის აშკარა დარღვევაა. წერილზე საუბრისას პარლიმ განაცხადა, რომ გზავნილის ხელმომწერები "უპასუხისმგებლო ყოფილი სამხედროები არიან, რომლებიც აღარ მუშაობენ არმიაში და შესაბამისად, მხოლოდ თავიანთ თავს წარმოადგენენ."
პარლის თქმით, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და ლოიალობა სამხედრო სამსახურისთვის აუცილებელია წინაპირობაა და ეს მარინ ლე პენს კარგად არ ესმის.
"მარინ ლე პენის რეაქცია მეტყველებს, რომ მას არასწორად ესმის სამხედრო ინსტიტუციის მნიშვნელობა, ვფიქრობ ეს დიდი პრობლემაა ადამიანისთვის, რომელსაც სურს არმიის მთავარსარდალი გახდეს",- ამბობს ფლორენს პარლი.
საფრანგეთის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი პარალელურად არმიის მთავარსარდლის პოსტსაც ითავსებს. ცნობილია, რომ მომავალ წელს გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში მარინ ლე პენი კიდევ ერთხელ შეეცდება პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.
საფრანგეთის მოქმედ, მეხუთე რესპუბლიკას სამხედრო გადატრიალებებით სამხედროები წარსულშიც ემუქრებოდნენ. თემა განსაკუთრებით აქტუალური იყო ალჟირის დამოუკიდებლობის ომის დროს. მაშინ სამხედროების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ალჟირის კოლონიის გათავისუფლებას.
სხვადასხვა მონაცემებით, საფრანგეთში 5 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, რაც დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საფრანგეთში მცხოვრები მუსლიმების ნაწილი წარმოშობით საფრანგეთის ყოფილი კოლონიებიდანაა, მათ შორის დიდი ნაწილი - ალჟირიდან.