პატიმრები, რომლებიც დასავლეთისა და რუსეთის შეთანხმების საფუძველზე გაიცვალნენ
1 აგვისტოს, დასავლეთსა და რუსეთს შორის, მეორე მსოფლიო ომის მერე, პატიმართა ყველაზე მასშტაბური გაცვლა შედგა.
„მძიმე განსაცდელი დასრულებულია“ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად 16 ადამიანის გათავისუფლებას. გათავისუფლებულებს შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელია.
16 ადამიანი, რომელიც აშშ-მა და გერმანიამ გაცვლის შედეგად მიიღო, რუსეთში, სხვადასხვა დრო, სხვადასხვა „ბრალდებებით“ დააკავეს. მაშინ, როცა, 8 პატიმარი, რომლებიც რუსეთმა სანაცვლოდ მიიღო, გასამართლებულები იყვნენ ჯაშუშობის, თვალთვალის, მკვლელობის და სანქციების გვერდით ავლის ბრალდებით.
პატიმრები, რომლებიც რუსეთმა გაათავისუფლა
ევან გერშკოვიჩი
The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი. გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, სასამართლო, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ჯაშუშობის ბრალდებით, 16 წლით პატიმრობის აღკვეთა მიუსაჯა.
ვლადიმირ კარა-მურზა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. 2023 წელს სასამართლომ, არმიის შესახებ “ფეიკების” გავრცელებაში, არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობასა და სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ილია იაშინი
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელსაც სასამართლომ, რუსეთის არმიაზე „ფეიკების“ გავრცელების ბრალდებით 8.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
პოლ ველანი
54 წლის ველანი, რომელიც აშშ-ის ყოფილი საზღვაო ქვეითია, 2018 წელს, მოსკოვში, მეგობრის ქორწილში ჩასული პოლი დააკავეს. 2020 წელს სასამართლომ, ჯაშუშური საქმიანობის ბრალდებით 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რიკო კრიგერი
30 წლის გერმანიის მოქალაქე რიკო კრიგერი, ბელარუსში, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. პატიმრების გაცვლის შეთანხმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდ ლუკაშენკამ ის შეიწყალა.
დანარჩენი 11 "პატიმარი", რომლებმაც შეთანხმების საფუძველზე რუსეთის საპტიმროები დატოვა:
- ალსუ კუშმარევა - რადიო თავისუფლების ჟურნალისტი.
ბრალდება - „ფეიკები“ რუსეთის არმიაზე.
- დემურ ვორონინი - პოლიტოლოგი.
ბრალდება - სახელმწიფო ღალატი.
- კევინ ლიკი - სკოლის მოსწავლე.
ბრალდება - სახელმწიფო ღალატი.
- პატრიკ შობელი - ტურისტი.
ბრალდება - ნარკოტიკების შენახვა/კონტრაბანდული საქმიანობა.
- გერმან მოიჟესი - იურისტი.
ბრალდება - სახელმწიფო ღალატი.
- ლილია ჩანიშევა - ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი.
ბრალდება - „ექსტრემისტული თემების“ საქმიანობაში მონაწილეობა.
- ქსენია ფადეევა - ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი კოორდინატორი.
ბრალდება - „ექსტრემისტული თემების“ საქმიანობაში მონაწილეობა და NGO-ში მონაწილეობა, რომელიც ხელყოფს მოქალაქეთა პიროვნებასა და უფლებებს.
- ვადიმ ოსტანინი - ალექსეი ნავალნის გუნდის ხელმძღვანელი ქალაქ ბარნაულში.
ბრალდება - „ექსტრემისტული თემების“ საქმიანობაში მონაწილეობა და NGO-ში მონაწილეობა, რომელიც ხელყოფს მოქალაქეთა პიროვნებასა და უფლებებს.
- ანდრეი პოვოვაროვი - პრო-დემოკრატიული მოძრაობა „ღია რუსეთის“ აღმასრულებელი დირექტორი.
ბრალდება - „არასასურველი ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობა.
- ოლეგ ორლოვი - უფლებადამცველი.
ბრალდება - „ფეიკები“ რუსეთის არმიის შესახებ.
- საშა სკოლიჩენკო - მხატვარი.
ბრალდება - „ფეიკები“ რუსეთის არმიის შესახებ.
პატიმრები, რომლებიც სანაცვლოდ რუსეთმა მიიღო
ვადიმ კრასიკოვი
რუსი კილერი, რომელმა 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. 2021 წელს კრასიკოვს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
კრასიკოვის სასამართლო პროცესზე გამოტანილ დასკვნით განცხადებაში ნათქვამია, რომ მკვლელობის დამკვეთებს ხანგოშვილზე შურისძიება სურდათ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი წარსულში რუსეთთან კონფლიქტებში მონაწილეობდა.
კრემლი წლების განმავლობაში უარყოფდა კრასიკოვთან რაიმე სახის კავშირს, თუმცა, 2024 წლის 2 აგვისტოს, პუტინის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ კრასიკოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სპეციალური დანიშნულების რაზმი ალფას წევრი იყო.
არტიომ და ანა დულცევები
რუსი ჯაშუშები. 2024 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით, სლოვენიამ 1.7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სლოვენიაში ცხოვრების პერიოდში, ცოლ-ქმარი თავს არგენტინელებად ასაღებდნენ.
მიხაილ მიკუშინი
ГРУ-ს ოფიცერი. 2022 წელს ნორვეგიაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიკუშინი, ნორვეგიაში, თავს ბრაზილიელ პროფესორად ასაღებდა და "ტრომის" არქტიკულ უნივერსიტეტში მუშაობდა.
რომან სელეზნევი
რუსი ჰაკერი. დუმის დეპუტატის, ვალერია სელეზნევას შვილი. 2017 წელს, კიბერდანაშაულის ბრალდებით, შეერთებულ შტატებში 27 წლით პატიმრობა მიესაჯა.
ვადიმ კონოშჩენოკი
რუსეთის დაზვერვის თანამშრომელი. 2022 წელს ესტონეთში დააკავეს, რის შემდეგაც, მისი ექსტრადიცია შეერთებულ შტატებში მოხდა. ვადიმს ბრალი სანქციების გვერდით ავლაში წაუყენეს. კოროშჩენოკს, ესტონეთში დაკავების მომენტში, სამ ათეულამდე სხვადასხვა მიკროელექტრონული და ელექტრონული კომპონენტი ჰქონდა თან, რომელსაც რუსეთის არმია სხვადასხვა სახის იარაღის დამზადებაში იყენებს.
ვლადისლავ კლიუშინი
კომპანია "М13"-ის დამფუძნებელი. კომპანიას რუსეთის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკვაშირებდა. 2023 წელს შეერთებულ შტატებში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა კიბერდანაშაულისა და კომერციული ინფორმაციების გაყიდვა/გაცემის ბრალდებით.
პაბლო გონსალესი (პაველ რუბცოვი)
რუსი წარმომავლობის ესპანელი ჟურნალისტი. 2022 წელს პოლონეთში დააკავეს ჟანა ნემცოვას და მისი გარემოცვის თვალთვალის ბრალდებით.