პესკოვი: კრასიკოვი სპეციალურ ქვედანაყოფ „ალფაში“ მსახურობდა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესოვის განცხადებით, ვადიმ კრასიკოვი ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) სპეციალური რაზმში, „ალფაში“ პუტინის დაცვის თანამშრომლებთან ერთად მსახურობდა.
დასავლეთსა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, ბერლინის საპატიმრო დატოვა რუსმა კილერმა, ვადიმ კრასიკოვმა.
რუსი კილერი, რომელმა 2019 წლის 23 აგვისტოს, ბერლინში, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა. 2021 წელს კრასიკოვს ბერლინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
კრასიკოვის სასამართლო პროცესზე გამოტანილ დასკვნით განცხადებაში ნათქვამია, რომ მკვლელობის დამკვეთებს ხანგოშვილზე შურისძიება სურდათ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი წარსულში რუსეთთან კონფლიქტებში მონაწილეობდა.
აღსანიშნავია, რომ კრემლი წლების განმავლობაში უარყოფდა კრასიკოვთან რაიმე სახის კავშირს.
კონტექსტი
1 აგვისტოს, დასავლეთსა და რუსეთს შორის, მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე მასშტაბური პატიმართა გაცვლა შედგა.
„მძიმე განსაცდელი დასრულებულია“ - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთთან პატიმრების გაცვლის შედეგად 16 ადამიანის გათავისუფლებას. გათავისუფლებულებს შორის აშშ-ის სამი მოქალაქე და „მწვანე ბარათის“ ერთი მფლობელია.
16 ადამიანი, რომელიც აშშ-მა და გერმანიამ გაცვლის შედეგად მიიღო, რუსეთში, სხვადასხვა დრო, სხვადასხვა „ბრალდებებით“ დააკავეს. მაშინ, როცა, 8 პატიმარი, რომლებიც რუსეთმა სანაცვლოდ მიიღო, გასამართლებულები იყვნენ ჯაშუშობის, თვალთვალის, მკვლელობის და სანქციების გვერდით ავლის ბრალდებით.