პატრუშევი: გვაქვს უნიკალური შეიარაღება, რომლითაც ნებისმიერ მტერს გავანდგურებთ
ნიკოლაი პატრუშევის თქმით, რუსეთს აქვს თანამედროვე და უნიკალური შეიარაღება, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შეექმნება.
ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, რუსული გაზეთისთვის მიცეულ ინტერვიუში განაცხადა.
"რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი უპირატესობით, თუმცა ჩვენ გვაქვს თანამედროვე, უნიკალური შეიარაღება, რომელსად შეუძლია ნებისმიერი მოწინააღმდეგის განადგურება, მათ შორის აშშ-საც, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის არსებობას საფრთხე შექმნება",- ამბობს პატრუშევი.
რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თქმით, ამერიკელ პოლიტიკოსებში პოპულარულია აზრი, რომ ვაშინგტონს შეუძლია ისეთი პრევენციული სარაკეტო დარტყმის განხორციელება, რომელზე პასუხსაც რუსეთი ვერ შეძლებს. პატრუშევის თქმით, "ეს სისულელეა და თანაც ძალიან სახიფათო."
კონტექსტი
გასულ დღეებში კრემლისგან მომავალი ბირთვული შანტაჟი უფრო ინტენსიური გახდა - პარასკევს ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს.