პენტაგონი: NASAMS-ის რაკეტები უკრაინას საზენიტო სისტემასთან ერთად გადაეცემა
NASAMS-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების საბრძოლო მასალა, რომელიც გათვალისწინებულია აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტში, უკრაინას თავად სისტემებთან ერთად გადაეცემა. ამის შესახებ 8 აგვისტოს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ კოლინ კალმა ბრიფინგზე განაცხადა.
8 აგვისტოს პენტაგონმა უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების უდიდესი პაკეტის შესახებ განაცხადა, რომლის ღირებულებაც $1 მილიარდია. ეს 2021 წლის აგვისტოდან მე-18 ამერიკული სამხედრო დახმარების პაკეტია.
"ამ პაკეტში არ არის NASAMS, არის AMRAAM-ის რაკეტები NASAMS-ისთვის. NASAMS-ის მიწოდებისთვის ვემზადებით", - თქვა კალმა.
მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ კომპლექსები უკრაინაში უახლოეს თვეებში ჩავა.
"AMRAAM-ის რაკეტების მიწოდებას, რომლებიც NASAMS-ისთვის გამოიყენება, გარკვეული დრო დასჭირდება - ისინი უნდა შემოწმდეს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა რაკეტა კარგ მდგომარეობაშია და შემდეგ ისინი დროულად მიაღწევენ უკრაინას", - განმარტა თავდაცვის მდივნის მოადგილემ.