პესკოვი: ბორის ჯონსონის განცხადება ტყუილია, პუტინი არ დამუქრებია
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადება, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ სატელეფონო საუბარში სავარაუდო სარაკეტო დარტყმით "მუქარის" შესახებ, რეალობას არ შეესაბამება, როგორც ამას მოსკოვში ამბობენ.
ამის შესახებ, ორშაბათს, ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
"რაც ბატონმა ჯონსონმა თქვა, სიმართლეს არ შეესაბამება. უფრო სწორად, სიცრუეა", - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
მან აღნიშნა, რომ ეს შეიძლება იყოს ჯონსონის მიზანმიმართული სიცრუე. პესკოვის თქმით, ბორის ჯონსონმა "შესაძლოა ვერ გაიგო", რაზე ესაუბრობოდა ვლადიმერ პუტინი, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ გაავრცელა ჯონსონმა საუბრის ასეთი ვერსია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სატელეფონო საუბრის შინაარსი, მისთვის ცნობილი იყო.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ ოფიციალურად: ეს სიცრუეა, რაკეტებით არანაირი მუქარა არ ყოფილა. რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას პრეზიდენტმა პუტინმა აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება, ნატოს ან ამერიკული რაკეტების პოტენციური განლაგება ჩვენს საზღვრები ნიშნავს, რომ ნებისმიერი რაკეტა მოსკოვამდე რამდენიმე წუთში მიაღწევს. თუ ეს მონაკვეთი ასე აღიქმება, [ეს] ძალიან უხერხული სიტუაციაა", - განაცხადა მან.
კონტექსტი
დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის თქმით, უკრაინაში შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე ვლადიმირ პუტინი მასშტაბური სარაკეტო დარტყმით იმუქრებოდა.
"რაღაც მომენტში ის თითქოს დამემუქრა და მითხრა - ბორის არ მინდა გატკინოთ, მაგრამ რაკეტით ეს მხოლოდ ერთ წუთს წაიღებს", - თქვა ჯონსონმა.
ბრიტანეთის ექს-პრემიერის თქმით, პუტინის ფრაზას წინ უძღოდა მისი გაფრთხილება, რომ უკრაინაში შეჭრას რუსეთისთვის კატასტროფული შედეგები მოყვებოდა. ჯონსონის თქმით, პუტინი ცდილობდა, რომ ის მოლაპარაკებებზე დაეყოლიებინათ.