პესკოვი ადასტურებს, რომ სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან რუსეთი მესაზღვრეებს გაიყვანს
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ოთხშაბათს, მოსკოვში ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების სომხეთის რამდენიმე რეგიონიდან გაყვანაზე.
"დიახ, ეს მართალია. 2020 წლის შემოდგომაზე, სომხური მხარის მოთხოვნით, ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები რამდენიმე სომხურ რეგიონში იყვნენ განლაგებული. ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს, შეცვლილი პირობების გამო, ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა ჩვენი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანას," - განაცხადა პესკოვმა ხუთშაბათს.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ "ისევ სომხური მხარის თხოვნით, ჩვენი მესაზღვრეები დარჩებიან სომხეთ-თურქეთის და სომხეთ-ირანის საზღვარზე."
"ისინი იქ დარჩებიან და გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას," - განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.
მანამდე მმართველი პარტია "სამოქალაქო კონტრაქტის" საპარლამენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა ჰაიკ კონჯორიანმა განაცხადა, რომ ერევნის ზვარტნოცის საერთაშორისო აეროპორტში რუსი მესაზღვრეების საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილებაც უმაღლეს დონეზე დამტკიცდა.
სომხეთის რეგიონებიდან მესაზღვრეების გაყვანის გადაწყვეტილება ტავუშის რეგიონში, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ფონზე მიიღეს.