პირველი წინსვლა ზაპორიჟიაში და მძიმე ბრძოლები - ЗСУ-ს იერიშის ქრონიკა, დღე 11

გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპორიჟიის ოლქში დასახლება, პიტიხატკა გაათავისუფლეს, რაც ფრონტის ამ მონაკვეთზე ბოლო 10 დღის განმავლობაში ЗСУ-ს ყველაზე სერიოზული წინსვლაა. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ჰანა მალიარის თქმით, ამ დროისთვის უკრაინელმა მებრძოლებმა ჯამურად 113 კმ² გაათავისუფლეს, ხოლო სამხრეთში ЗСУ-ს წინსვლა 7-8 კილომეტრია. 

უკრაინული არმიის წინსვლის ფონზე დიდი ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის ცნობით, რუსეთმა ზაპორიჟიისა და ბახმუტის მიმართულებით ხერსონის ოკუპირებული ნაწილიდან რეზერვების გადასროლა დაიწყო. 

საუბარია რამდენიმე ათასს ჯარისკაცზე, მათ შორის 49-ე არმიის დანაყოფებზე, 34-ე ცალკეულ მოტომსროლელ ბრიგადასა და საჰაერო-სადესანტო (ВДВ) ძალების ქვედანაყოფებზე. 

კიევიდან მოსკოვში ჩასული აფრიკული ქვეყნების ლიდერების სამშვიდობო ინიციატივაზე უარი თქვა ვლადიმირ პუტინმა.

აფრიკელი ლიდერები შეეცადნენ პუტინისთვის მათ მიერ მომზადებული 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა წარედგინათ, თუმცა უკვე პრეზენტაციის ეტაპზე პუტინმა თავისი აფრიკელი კოლეგები შეაჩერა და რამდენიმე დებულებას შეეწინაღმდეგა. მათ შორის, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მოქმედების წინადადებას - პუტინის თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები უკვე რუსეთის ნაწილია და ნებისმიერი სამშვიდობო ინიციატივა ამას უნდა ითვალისწინებდეს. 

ცოტა ხნის წინ დასრულდა ენტონი ბლინკენისა და სი ძინფინგის შეხვედრა პეკინში - ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტი იყო. თავდაპირველად ვიზიტი თებერვალში იყო ჩანიშნული, თუმცა ჩინური სადაზვერვო აეროსტატის სკანდალის შემდეგ გადაიდო. 

ბლინკეთან შეხვედრის შემდეგ სი ძინფინგმა განაცხადა, რომ მხარეებს აქვთ პროგრესი და მათ მიაღწიეს თანხმობას გარკვეულ საკითხებზე, რაც ძალიან კარგია. ბლინკენის თქმით, მან კიდევ ერთხელ მიიღო ჩინეთის რწმუნება, რომ ისინი არ გადასცემენ დ არც მომავალში აპირებენ რუსეთისთვის ლეტალური შეიარაღების მიწოდებას. 

დეტალები 

ზაპორიჟიის ოლქში მიღწეული წარმატების ფონზე დასავლური მედიები და სამხედრო ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ჰაერში უპირატესობის არ ქონის ფონზე, უკრაინის მიმდინარე კონტრიერიში ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლა იქნება. 

სწორედ ბრძოლის საჰაერო კომპონენტზე ამახვილებენ ყურადღებას სამხედრო პორტალ Drive-ის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტები. მათი თქმით, მნიშვნელოვნად შეიცვალა რუსეთის ავიაციის ტაქტიკა და ის უფრო ეფექტური გახდა. საუბარია რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ვერტმფრენებზე, რომელთა აქტიურობის შესახებაც ბოლო დღეებში ბევრი იწერებოდა. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, რუსეთი სულ უფრო ხშირად იყენებს სხვადასხვა ტიპია ავიაბომბებს, რომელთა გაშვება შორი მანძილიდანაც არის შესაძლებელი. პარალელურად უკრაინის არმია განიცდის მობილური ანტი-საჰაერო სისტემების ნაკლებობას, რის გამოც რუსეთის გაცილებით უფრო აქტიურად იყენებს ავიაციას ფრონტის ხაზზე. 

სამხედრო ექსპერტების ცნობით, მიმდინარე კონტრიერიშის დროს უკრაინული ჯავშანტექნიკა მოწყვლადია რუსული ავიაციის წინააღმდეგ, რაც დანაღმული ტერიტორიების მოცულობის გათვალისწინებით მკვეთრად ზრდის მსხვერპლს. 

რა ხდება 

ზაპორიჟიის ფრონტი - გასული 24 საათის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საბრძოლო მოქმედებები დასახლება პიტიხატკის ირგვლივ განვითარდა. 18 მაისს Z-ბლოგერები დასახლებიდან ოკუპანტების გასვლის შესახებ წერდნენ. მალევე ე.წ. სამხედრო კორესპონდენტები წარმატებული კონტრშეტევის შესახებ იუწყებოდნენ, თუმცა საბოლოოდ პიტიხატკა უკრაინის კონტროლქვეშ არის. 

პიტიხატკის გათავისუფლება ფრონტის ამ მონაკვეთზე ჯერჯერობით უკრაინის არმიის ყველაზე სერიოზული წინსვლაა. რუსული წყაროებისვე ცნობით, სავარაუდოა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წინსვლა აქვთ რობოტინე-ვერბოვეს ხაზზეც. 

შემხვედრი ბრძოლები გაგრძელდა ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე, ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე. აქ ბრძოლები უმთავრესად სტარომაიორსკისა და ურაჟაინოეს ხაზზე მიმდინარეობს. ურაჟაინოე ოკუპანტების თავდაცვის ხაზებთან ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებაა, მანძილი დაახლოებით 10-12 კილომეტრია. 

დონეცკის ფრონტი - გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპანტები რამდენიმეჯერ ეცადნენ ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას და დაიწყეს კონტრშეტევები ნოვომიხაილოვკის და მარიინკის მიმართულებით, თუმცა წარუმატებლად. ოკუპანტების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა დასახლება ვოდიანოეს შემოგარენში. 

ფრონტის ამ მონაკვეთზე უფრო წარმატებულები იყვნენ უკრაინის შეიარაღებული ძალები - მათ წინ წაიწიეს დასახლება ვესელეს მიმართულებით. შეტაკებები განახლდა დასახლება პერვომაისკთან, რომლის შედეგებიც ჯერჯერობით უცნობია.

ბახმუტის ფრონტი - გასული 24 საათის განმავლობაში საარტილერიო დარტყმების ფონზე ЗСУ უტევდა კურდიომოვკის, კლიშიივკის, იაგადნოესა და ოზარიანოვკის მიმართულებით. მძიმე ბრძოლები გაგრძელდა ბერხივკის წყალსაცავის მიდამოებში. რუსული წყაროებისვე ცნობით, უკრაინას ამ მონაკვეთზე არსებითი წინსვლა აქვს. 

ბახმუტის ფრონტზე უკრაინული არმიის წინსვლის შესახებ ჯერჯერობით ბევრს არაფერს ამბობენ უკრაინული წყაროები. ანალიტიკური ცენტრის Deep State-ის მონაცემებით, კლიშიივკის მიმართულებით, ЗСУ-ს აქვს წინსვლა, ხოლო ბერხივკის წყალსაცავის მიდამოებში ვითარება ჯერ კიდე გაურკვეველია. 

ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეინიშნება ლიმანი-კუპიანსკის ხაზზე, სადაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთი ცდილობს ინიციატივას დაეუფლოს. 

კონტექსტი 

უკრაინის კონტრიერიშის შესაძლო განვითარებაზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა Wall Street Journal-მა. გაზეთის მიერ გამოკითხული სამხედრო ექსპერტების ცნობით, ЗСУ-ს იერიში შედარებით ნელი იქნება, ხოლო მისი წარმატება დიდ მსხვერპლს მოითხოვს. 

ამის მთავარ მიზეზად მკვლევრები ჰაერში რუსეთის ავიაციის დომინაციას ასახელებენ - ბრძოლის დასავლური კონცეფცია, რომელსაც უკრაინა მისდევს ჰაერში სრული უპირატესობის იდეაზე დგას. 

"საჰაერო უპირატესობის გარეშე უკრაინელები ცდილობენ იმას, რასაც ძალიან ცოტა თანამედროვე არმია თუ გაბედავდა - განდევნოს რუსეთის არმია, რომლებიც თვეების განმავლობაში თხრიდნენ სანგრებს და ემზადებოდნენ უკრაინის დაანონსებული კონტრიერიშისთვის",- ნათქვამია მასალაში. 

უკრაინის არმიის სწრაფი წინსვლის შემაფარხებელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რუსეთის მიერ მომზადებული დანაღმული ველებია. 

"ნებისმიერი უპირატესობას, რომელიც უკრაინელებს აქვთ იქნება ეს ჯარისკაცების ფიზიკური მზაობა, მოტივაცია უპირისპირდება რუსეთის კარგად გამაგრებული თავდაცვის ხაზები, ავიაცია, რადიო-ელექტრონული ბრძოლის მეთოდები, რომელშიც რუსეთი ეფექტურია და რა თქმა უნდა ნაღმები, რომელიც ყველაზე ეფექტური შემაკავებელია",- ამბობს გამოცემასთან საუბარში სამხედრო ექსპერტი რობ ლი. 

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ რუსული ნაღმების დასაძლევად ადამიანის მონაწილეობაა აუცილებელი, მათი აღმოჩენა კი რთულია. ეს იმას ნიშნავს, რომ იერიშში მყოფ ძალებს უწევთ ნელი მოძრაობა, ხოხვა რა დროსაც ჯარისკაცები და ჯავშანტექნიკა უკიდურესად მოწყვლადია რუსეთის ავიაციისა და არტილერიის წინაშე. 

"მაფორმირებელ შეტევებში პრობლემების გამოვლენის შემდეგ, გასულ დღეებში უკრაინელმა მეთაურებმა შეაჩერეს შეტევები მათი ტაქტიკის გადასაფასებლად",- ნათქვამია გაზეთის მიერ მომზადებულ მასალაში. 

სენტ ენდრიუსის უნივერსიტეტის პროფესორის, ფილიპს ო'ბრაინის თქმით, უკრაინელებს წარმატების ერთადერთი შანსია გადაღალონ მოწინააღმდეგე - "მათ არ აქვთ უპირატესობა ჰაერში, მათ არ შეუძლიათ თავდაცვითი პოზიციების აფეთქება და შემდეგ შესული ჯავშანტექნიკის კოლონის დაცვა, ეს მიმდინარე იერიშის ძალიან ბრუტალური ფაზაა."

 

მსგავსი სიახლეები