Politico: ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, არ აკრძალოს ოპოზიციური პარტიები

გამოცემა Politico-ს ცნობით, ევროკავშირი საქართველოს აფრთხილებს, რომ ხელისუფლების გეგმა, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში კანონგარეშედ გამოაცხადოს ოპოზიციური პარტიები, გაანადგურებს ქვეყნის დემოკრატიას და დასავლეთს აიძულებს, მკაცრი საპასუხო ნაბიჯი გადადგას.

"ქართული ოცნების" გეგმის შესახებ Politico-სთან ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ისაუბრა. როგორც გამოცემა იტყობინება, სტანომ აღნიშნა, რომ ბრიუსელი შეშფოთებულია გასულ კვირას საქართველოს მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი ინიციატივით, რომელიც "ყველა ოპოზიციური პარტიის აკრძალვას" ეხება.

"ოპოზიციური პარტიები, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია აუცილებელია მთავრობების ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის უზრუნველსაყოფად. პლურალიზმი არის „ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ცენტრალური საყრდენი", - ამბობს პიტერ სტანო.

მისივე სიტყვებით, საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელი ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს:

"ევროკომისია ყურადღებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ პროცესებსა და მთავრობის რიტორიკას და მზად არის, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ, თუკი ეს განცხადებები ამოქმედდება".

 

 

მსგავსი სიახლეები