პრიგოჟინის თქმით, "ვაგნერმა" პატიმრების რეკრუტირება შეწყვიტა
ჩვკ ვაგნერის პატრონი ევგენი პრიგოჟინი, რომელიც "პუტინის მზარეულის" სახელითაა ცნობილი, ამბობს, რომ მისმა ორგანიზაციამ პატიმრების რეკრუტირება შეწყვიტა.
"ჩვკ ვაგნერში პატიმრების რეკრუტირება მთლიანად შეჩერდა. მათდამი, ვინც ახლა ჩვენთან მუშაობს, ყველა მოვალეობა შევასრულეთ," - ამბობს ევგენი პრიგოჟინი თავისივე კომპანიის პრესსამსახურის თანახმად.
მედიიდან კი განსხვავებული ცნობებია - დამოუკიდებელი გამოცემა სააგენტო იუწყება, რომ რუსეთის უშიშროება ციხეებში რეკრუტირების ახალ მეთოდებს იყენებს და პატიმრებს ახალი ბრალდებებით ემუქრება.
მედიაზონას ინფორმაციით კი ჩვკ ვაგნერის წარმომადგენლები კვლავაც დადიან კოლონიებში და პატიმრების რეკრუტირებას ცდილობენ. იმავე წყაროს ცნობით, ომში რუსების დიდი დანაკარგების გამო, ციხეებში ფრონტზე წასვლის მსურველი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე თავიდან.
პირველად სექტემბერში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ მიმართავს ევგენი პრიგოჟინი პატიმრებს და ომში წასვლის სანაცვლოდ რეაბილიტაციას სთავაზობს.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ვაგნერმა ფრონტის ხაზზე გადასაყვანად 40,000-ზე მეტი პატიმრის რეკრუტირება შეძლო.