პუტინი პირადად დაეთანხმა ამერიკელი ჟურნალისტის დაკავებას - Bloomberg
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირადად დაეთანხმა The Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის დაკავებას. ამის შესახებ Bloomberg 12 აპრილს წერს.
სააგენტო კრემლთან დაახლოებულ წყაროებს ეყრდნობა.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამგვარი ნაბიჯის მოწონება ნიშნავს "კრემლში მკაცრი ხაზის მხარდამჭერების გავლენის ზრდას", რომლებიც "ვაშინგტონთან გაღრმავებულ კონფრონტაციას" უჭერენ მხარს.
წყაროების ცნობით, თითქმის 40 წლის განმავლობაში პირველად, ჯაშუშობის ბრალდებით ამერიკელი რეპორტიორის დაკავების ინიციატივა რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნებისგან მოდიოდა.
Bloomberg წერს, რომ Wall Street Journal-ის რეპორტიორის დაკავება აშშ-რუსეთის ურთიერთობებში მორიგი "ვარდნაა."
"ეს უნდა იყოს ნამდვილი განგაშის სიგნალი არა მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის, არამედ მთელი დასავლეთისთვის... ეს იმაზე მეტყველებს, რომ პუტინი სტაბილურ და სანდო ურთიერთობებს არ დაუბრუნდებ", - განაცხადა ალინა პოლიაკოვამ, ვაშინგტონში ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის პრეზიდენტმა.
კონტექსტი
30 მარტს, რუსეთის ფედერაციის ФСБ-მ განაცხადა, რომ ეკატერინბურგში ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი დააკავა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. რუსეთის დაზვერვის სამსახური ამტკიცებს, რომ ამერიკელი "საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობისას" დააპატიმრეს.
რუსმა ჟურნალისტმა დიმიტრი კოლეზევმა Telegram-ზე დაწერა, რომ გერშკოვიჩი ეკატერინბურგში ომისადმი მოსახლეობის დამოკიდებულების და "ვაგნერის" მიერ ადგილობრივი მაცხოვრებლების რეკრუტირების აღსაწერად ჩავიდა.
The Wall Street Journal-ის რედაქცია გერშკოვიჩის წინააღმდეგ ჯაშუშობის ბრალდებებს "კატეგორიულად უარყოფს."