პუტინმა ალიევს ბოდიში მოუხადა, რომ შემთხვევა რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა
ვლადიმირ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს დაურეკა და ბოდიში მოუხადა, რომ "ინციდენტი რუსეთის საჰაერო სივრცეში მოხდა."
კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ საუბარი რუსული მხარის ინიციტივით შედგა.
"იმ მომენტში, როდესაც აზერბაიჯანული სამოქალაქო ბორტი გროზნოს აეროპორტში დაჯდომას ცდილობდა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემა დრონების შეტევებს იგერიებდა"- აღნიშნულია პრეს-რელიზში. ამასთანავე არაფერია ნათქვამია იმის შესახებ თუ რა იყო ავიაკატასტროფის მიზეზი.
კონტექსტი
პუტინისა და ალიევის სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა აზერბაიჯანული მხარის პოლიტიკური წნეხი.
26 დეკემბერს აზერბაიჯანის მეჯლისის დეპუტატმა, რასიმ მუსაბეკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა ინციდენტის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, ხოლო დამნაშავეებმა სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი.
აზერბაიჯანის მთავრობაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters წერდა, რომ ქვეყნის ლიდერები მოელიან, რომ რუსეთი აღიარებს, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავი რუსულმა რაკეტამ ჩამოაგდო.
თავდაპირველად რუსულმა მხარემ უარყო, რომ აზერბაიჯანული ლაინერის დაშვების მომენტში რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა. რუსეთის საავიაციო სააგენტოში აცხადებდნენ, რომ თვითმფრინავი გროზნოს აეროპორტში ნისლის გამო ვერ დაჯდა, ხოლო კატასტროფის მიზეზად ფრინველების გუნდთან შეჯახებას ასახელებდნენ.
კატასტროფას 38 ადამიანი ემსხვერპლა.