რეგიონში სამხედრო კონცენტრაციის ზრდით ტრამპი აძლიერებს წნეხს მადუროს რეჟიმზე

დონალდ ტრამპის თქმით, ვაშინგტონი არ აპირებს ნიკოლას მადუროს რეჟიმის დამხობას, თუმცა კარიბის ზღვის რეგიონში მკვეთრად გაზრდილი სამხედრო კონცენტრაციის ფონზე თეთრი სახლი აძლიერებს წნეხს ვენესუელაზე.
ვითარების არსი: გასულ კვირებში რეგიონში ახალი საავიაციო და საზღვაო ძალების გადასროლის ფონზე, ტელეარხი СNN ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ამერიკელ პრეზიდენტს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა განსახილველ ვარიანტებს შორის წერტილოვანი საჰაერო დარტყმებიც არის.
- 5 სექტემბერს, ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე - ხომ არ სურს ვენესუელაში რეჟიმის შეცვლა - ტრამპმა უპასუხა, რომ "ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს."
- ამასთანავე ამერიკელმა პრეზიდენტი ამბობს, რომ თეთრ სახლში მიმდინარეობს დისკუსიები ვენესუალაში გამართული "ძალიან უცნაური" არჩევნების შესახებ.
- დონალდ ტრამპი გასულ წელს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს გულისხმობდა, რომლის შედეგებიც დემოკრატიული ქვეყნების უმეტესობამ არ აღიარა.
ჩაშლილად: CNN-ის წყაროების ცნობით, თეთრ სახლში განიხილავენ როგორც წერტილოვანი დარტყმების შესაძლებლობას ვენესუელაში მოქმედი ნარკო კარტელების წინააღმდეგ, ასევე, სხვადასხვა ობიექტების დაბომბვას, რომელიც მადუროს რეჟიმის დასუსტებისკენ მიმართული ფართე მიდგომის ნაწილი იქნება.
- გასული ღამით, ამერიკელმა სამხედროებმა მიიტანეს საჰაერო დარტყმა გემზე, რომელსაც მათი თქმით, ამერიკის მიმართულებით ნარკოტიკები გადაჰქონდა - დასავლური მედიის ცნობით, გეიმი ჩაიძირა, ხოლო მასზე მყოფი 11 ადამიანი მკვდარია.
- იმავე СNN-ის წყაროები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ოპერაცია რეგიონში ნარკოტრაფიკის აღმოფხვრისა და მადუროს ხელისუფლებიდან შესაძლო ჩამოშორების სტრატეგიის ნაწილია.
- ამ საკითხზე დასმული კითხვის შემდეგ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ და განაცხადა, რომ შტატები გააგრძელებენ ბრძოლას კარტელების წინააღმდეგ მიუხედავად იმისა, თუ "სად იქნებიან ისინი მოკალათებულები."
ახლო ხედით: მოვლენები გასულ კვირებში შეერთებული შტატების მხრიდან კარიბის ზღვის სამხრეთ ნაწილში მკვეთრად გაზრდილი სამხედრო კონცენტრაციის ფონზე ვითარდება - წყაროების ცნობით, "ეს მადუროსთვის შესაბამისი სიგნალი უნდა ყოფილიყო."
- საუბარია Tomahawk-ის ტიპის რაკეტებით აღჭურვილ რამდენიმე ხომალზე, ასევე მოიერიშე წყალქვეშა ნავების დაჯგუფებაზე - ვენესუელას ნაპირების მახლობლად ამ დროისთვის დაახლოებით 4 ათასი ამერიკელი საზღვაო ქვეითია განლაგებული.
- ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს დღეებში პუერტო-რიკოში მდებარე სამხედრო აეროდრომზე განლაგდება F-35-ის ტიპის, 10 ავიაგამანადგურებელი.
- ამ ფონზე ვენესუელას დიქტატორი, ნიკოლას მადურო აცხადებს, რომ ვაშინგტონი მისი რეჟიმის დასამხობად ემზადება, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ შტატებთან არსებული მწვავე უთანხმოებების მიუხედავად სამხედრო დაპირისპირების გაჩაღება "დაუშვებელია."
- კარიბის აუზში, მეხუთე თაობის (F-35-ების) გადასროლას წინ უძღოდა ვენესუელას სამხედრო თვითმფრინავების გამოჩენა ამერიკული გემების მახლობლად - პენტაგონმა მომხდარს "ძალიან საშიში პროვოკაცია" უწოდა და განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში საჰაერო სარდლობას აქვს ვენესუელური თვითმფრინავების ჩამოგდების უფლება.
ფართე ხედით: კარიბის ზღვის აუზში ამერიკის სამხედრო კონცენტრაცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ეტაპობრივად იზრდებოდა - ქვეყანაში ნარკოტიკების შემოდინების აღმოფხვრა და კარტელების განადგურებაა ამერიკელი პრეზიდენტის პრიორიტეტული დაპირება იყო.
- 5 სექტემბერს, ოვალურ კაბინეტში, ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობა ომს შეადარა.
კონტექსტი: კომენტატორების შეფასებით კარიბის აუზში შტატების სამხედრო პოტენციალის ზრდა აძლიერებს წნეხს მადუროს რეჟიმზე, რომელსაც პენტაგონის შეფმა, პიტ ჰეგსეთმა "ნარკო-სახელმწიფოს მეთაური" უწოდა.
- იმავე СNN-ის წყაროების ცნობით, ტრამპის გუნდისთვის პრიორეტიტული გამოსავალი მადუროს მიერ ძალაუფლების ნებაყოფლობით დათმობაა.