რეზნიკოვი და ზალუჟნი ამერიკის ელჩს შეხვდნენ
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი უკრაინაში აშშ-ის ელჩს, ბრიჯიტ ბრინკს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას 14 ივლისს უკრაინის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რეზნიკოვი და ზალუჟნი, სხვა საკითხებთან ერთად, ბრინკს აშშ-ს სამხედრო დახმარებაზე ესაუბრენ.
თანამოსაუბრეებმა "განიხილეს სამხედრო დახმარების აღრიცხვისა და გამჭვირვალობის სისტემა: მათ გამორიცხეს იარაღის სპირალური ან უკონტროლო გამოყენება", - იტყობინება უკრაინის მთავრობა. ასევე ისაუბრეს "ლოგისტიკური აღრიცხვის პროგრამების განვითარების სისტემების ამოქმედებაზე".
რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის და ისაუბრა HIMARS-ის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებაზე.
"HIMARS-ის და სხვა 155 მილიმეტრიანი არტილერიის ეფექტურობა ბრძოლის ველზე შთამბეჭდავია. ჩვენი არტილერისტები ზუსტად ისვრიან და ანადგურებენ მტრის იარაღის საცავებს, ჯავშანმანქანებს, საცეცხლე პუნქტებს და აგრესორის სამეთაურო პუნქტებს. აშშ-ის და სხვა ქვეყნების დახმარების წყალობით უკრაინელები აჩერებენ რუს მკვლელებს, იცავენ მშობლიურ მიწას და სხვა ევროპულ ხალხებს", - განაცხადა მან.
ბრინკმა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნა, რომ "ის განსაკუთრებული პატივისცემით ეპყრობა უკრაინელ ჯარისკაცებს და თვლის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შემდგომი მხარდაჭერა მაქსიმალურ შედეგს გამოიღებს".
14 ივლისის ღამეს ზალუჟნი აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროს მარკ მილის ესაუბრა და დაარწმუნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებს დასავლური იარაღის რუსი ოკუპანტების ხელში ჩავარდნას.