რეზნიკოვი: ომის დასრულება წლის ბოლომდე შეიძლება
ომი, რომელიც რუსეთმა გააჩაღა უკრაინის წინააღმდეგ, წლის ბოლომდე შეიძლება დასრულდეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა "ВВС News Україна"-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც 15 ივლისს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ომის დასრულება წლის ბოლომდე რეალურია, თუ უკრაინის პარტნიორები გააგრძელებენ ქვეყნის დახმარებას, "ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ისინი გამარჯვებულს ეხმარებიან".
"ისინი ფიქრობდნენ, რომ დავმარცხდებოდით, სამ დღეში დავთმობდით კიევს და ამიტომ დიდად არ დაგვეხმარნენ, მხოლოდ მხარი დაგვიჭირეს, მაგრამ როცა დაიჯერეს, რომ უკრაინის გამარჯვება აბსოლუტურად რეალური იყო. მათ მოუნდათ ამ გამარჯვების თანამონაწილეები გამხდარიყვნენ. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, რომ კონტრშეტევის გეგმები მათთან სინქრონიზდეს, არა მხოლოდ იარაღით, არამედ [რუსეთის წინააღმდეგ] კიდევ უფრო სერიოზული სანქციების გაგრძელებით. ეს არის სერიოზული გლობალური პროექტი", - თქვა მინისტრმა.
კითხვაზე, იყო თუ არა ფრაზა წლის ბოლომდე ომის დასრულების შესახებ "სიტყვის მასალა", რეზნიკოვმა აღნიშნა: "ეს აბსოლუტურად შესაძლებელია".
"შემიძლია ამის თქმა, მიუხედავად იმისა, რომ იურისტი ვარ, მაგრამ კომუნიკაცია მაქვს სამხედროებთან: თუნდაც სამხედრო თვალსაზრისით, ეს არის აბსოლუტურად რეალისტური გეგმა - ჩვენი ტერიტორიების განთავისუფლება მინიმუმ 2022 წლის 23 თებერვლის მდგომარეობამდე", - დასძინა მან.