რომის პაპი ევროპაში მიგრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას გმობს

 

რომის პაპმა ევროპული ქვეყნების "ვიწრო პირადი ინტერესები და ნაციონალიზმი" დაგმო. ამის შესახებ განცხადება მან მიგრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე საუბრისას გააკეთა.

საბერძნეთის კუნძულ ლესბოსზე გამოსვლისას რომის პაპმა ფრანცისკემ მიგრანტების უგულებელყოფას "ცივილიზაციის გემის ჩაძირვა" უწოდა.

რომის პაპი ლესბოსს პირველად 2016 წელს ეწვია, როდესაც კუნძული მიგრანტებისთვის ევროპაში შესასვლელი მთავარი წერტილი იყო.

გასულ თვეში ლა მანშის სრუტის გასაბერი ნავით გადაკვეთისას 27 მიგრანტი დაიღუპა. წელს ამ გზით საფრანგეთიდან ბრიტანეთში შესვლა 26 000-მა ადამიანმა სცადა, რაც შარშანდელზე ორჯერ მეტია.

გარდა ამისა, რამდენიმე მიგრანტი ბელარუსისა და პოლონეთის საზღვარზე გაიყინა, სადაც ევროკავშირის განცხადებით "ბელარუსის ხელისუფლების მიერ ორკესტრირებული" მიგრანტების კრიზისი მიმდინარეობს.

"ისტორია გვასწავლის, რომ ვიწრო პირად ინტერესებს და ნაციონალიზმს სავალალო შედეგებამდე მივყავართ", - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

 

 

მსგავსი სიახლეები