რუსებმა ოდესის პორტი დაბომბეს
23 ივლისს რუსმა ოკუპანტებმა "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტებით ოდესის საზღვაო პორტი დაბომბეს. ამის შესახებ ოდესის საქალაქო საბჭოს პრესსამსახური უკრაინის შეიარაღებული ძალების "სამხრეთის" ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით იტყობინება.
სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს, ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა.
"აი მარცვლეულის დერეფანი. ეს ნაბიჭვრები ერთი ხელით შეთანხმებებს აფორმებენ და მეორეთი რაკეტებს ისვრიან", - წერს უკრაინის სახალხო დეპუტატი ოდესის ოლქის ერთ-ერთი მაჟორიტარული ოლქიდან ოლექსი გონჩარენკო.
სახალხო დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ "ოდესის თავზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს". ის ალბათ იმას გულისხმობდა, რომ უკრაინული თვითმფრინავები რუსული რაკეტების ჩამოსაგდებად აფრინდნენ.
23 ივლისს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა, რომ ამ თავდასხმით ვლადიმირ პუტინმა შეაფურთხა გაეროს გენერალური მდივან ანტონიო გუტერეშსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გაწიეს ხორბალზე შეთანხმების მისაღწევად.
უკრაინის აგრარული პოლიტიკის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოდესის საზღვაო პორტში, რომელზეც რუსული ჯარების სარაკეტო თავდასხმა მოხდა, იყო ექსპორტისთვის განკუთვნილი მარცვლეული.
"რაოდენობას არ ვიტყვი, რადგან ინფრასტრუქტურის სამინისტრო ხორბლის გადატვირთვით არის დაკავებული, ხვალ ან ზეგ უკვე ველოდით პირველ გადაზიდვებს", - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა.