რუსეთმა უკრაინაში "აფრიკული კორპუსი" გადაისროლა - ბრიტანული დაზვერვა
ბრიტანეთის დაზვერვის მიხედვით, გასული კვირის განმავლობაში, ხარკივის ოლქში მდებარე ქალაქ ვოვჩანსკში საბრძოლო ოპერაციისთვის, რუსეთს, აფრიკაში მებრძოლი დანაყოფების გადმოსროლა მოუწია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ე.წ. „აფრიკული კორპუსი“ 2023 წლის დეკემბერში შექმნა. დაჯგუფების პირადი შემადგენლობა 2000 სამხედროს და რეგულარული არმიის ოფიცრებს მოიცავს.
დაჯგუფებაში გაერთიანებული არიან დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც მანამდე დაჯგუფება „ვაგნერის“ წევრები იყვნენ.
„აფრიკული კორპუსის“ დანაყოფები, უკრაინაში გამგზავრებამდე, სავარაუდოდ, სირიაში, ლიბიაში, ბურკინა-ფასოსა და ნიგერში იყვნენ დისლოცირებულები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, მაღალი ალბათობით, ‘აფრიკული კორპუსის“ უკრაინის საზღვართან გადასროლა 2024 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო. ბრიტანული დაზვერვის მიხედვით, რუსეთი აძლიერებს შეტევით ოპერაციებს უკრაინის წინააღმდეგ იმ რესურსებით, რომლებიც ადრე აფრიკისთვის იყო განკუთვნილი.
კონტექსტი
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს დირექტორის თქმით, 10 მაისს რუსეთის მიერ ხარკივის ოლქში დაწყების შეტევის შემდეგ ფრონტს ამ მონაკვეთზე ვითარება მძიმეა, თუმცა კონტროლირებადი. პარალელურად კი. რუსეთი სუმის ოლქში ახალი იერიშის დასაწყებად ემზადება.
რუსეთის განცხადებით, მათი გეგმა არა ხარკივის აღება, არამედ, ე.წ. „სანიტარული ზონების შექმნაა მოსაზღვრე რეგიონებთან“. პუტინის განცხადებით, ოკუპირებულ და მოსაზღვრე ტერიტორიებზე „სანიტარული ზონები“ იმგვარად უნდა მოეწყოს, რომ მოწინააღმდეგის საცეცხლე საშუალებებისთვის რთულად დაძლევადი იყოს, განსაკუთრებით კი, დასავლური იარაღისთვის.