ვაგნერის რეკრუტირების პუნქტები რუსეთის 42 ქალაქში გაიხსნა
რუსულ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" სასწრაფოდ სჭირდება პირადი შემადგენლობის შევსება. ამის შესახებ მისმა მფლობელმა, ევგენი პრიგოჟინმა 11 მარტს განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის 42 ქალაქში მებრძოლების დაქირავების ცენტრები გაიხსნა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ვაგნერელებს იგერიებენ, დაქირავებულებს პრობლემები რუსეთის ფედერაციაშიც აქვთ.
"მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების კოლოსალური წინააღმდეგობისა, ჩვენ წინ წავალთ. მიუხედავად ჯოხებისა, რომლებიც ჩვენს ბორბლებში ყოველ ნაბიჯზე იჭედება", - თქვა პრიგოჟინმა.
9 თებერვალს პუტინთან დაახლოებულმა ოლიგარქმა გამოაცხადა, რომ "ვაგნერმა" პატიმრების რეკრუტირება შეწყვიტა.
ბრიტანულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ პრიგოჟინმა მსჯავრდებულების "ვაგნერში" რეკრუტირება რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონკურენციის გამო შეწყვიტა.
10 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების უმეტესობა გაანადგურეს.