რუსული Su-27 შავ ზღვაზე ამერიკულ დრონს შეეჯახა
რუსული Su-27 შავ ზღვაზე ამერიკულ დრონს შეეჯახა. შემთხვევა 14 მარტის დილას მოხდა.
ამ ინფორმაციას BBC News ევროპაში ამერიკული ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორმა რუსულმა თვითმფრინავმა მისთვის გზის გადაჭრა სცადა.
სარდლობის თქმით, ინციდენტი "რუსების არაპროფესიონალური ქმედების" შედეგი იყო.
განცხადებაში ნათქვამია, აშშ და მოკავშირე ძალები გააგრძელებენ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში ოპერირებას.
"ჩვენი დრონი MQ-9 ახორციელებდა რუტინულ ოპერაციებს საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც მას გზა გადაუჭრა და დაეჯახა რუსული თვითმფრინავი, რის შედეგადაც MQ-9 ჩამოვარდა", - თქვა აშშ-ს საჰაერო ძალების გენერალმა ჯეიმს ჰეკერმა.
MQ-9 Reaper არის დიდი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც შექმნილია გრძელვადიანი, მაღალ სიმაღლეზე მეთვალყურეობისთვის.
Agence France-Presse სამხედროებზე დაყრდნობით წერს, რომ შეერთებული შტატები გამოძიებას უკვე აწარმოებს.
"რაღაც მოხდა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს დადასტურება, რომ დრონი ჩამოაგდეს. მიმდინარეობს გამოძიება", - ციტირებს სააგენტო წყაროს.