საბერძნეთი ალბანეთს ევროპის კავშირში გაწევრიანების დაბლოკვით ემუქრება
საბერძნეთი ალბანეთს ევროპის კავშირში გაწევრიანების დაბლოკვით მას შემდეგ დაემუქრა, რაც ტირანამ 14 მაისის ადგილობრივ არჩევნებამდე ორი დღით ადრე მერობის კანდიდატი, ეთნიკური ბერძენი ფრედ ბელერი დააპატიმრა.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის განცხადებით, თუ ალბანეთს ევროპის კავშირში გაწევრიანება სურს, ფრედ ბელერი დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლოს.
ალფრედ ბელერს, რომელიც მერის არჩევნებში ოპოზიციური ბლოკის - „გამარჯვებისთვის გაერთიანებული“ იყრიდა კენჭს, ალბანეთის პროკურატურის განცხადებით, ბრალი ამომრჩეველთა მოსყიდვაში ედება.
გამომდინარე იქიდან, რომ ბელერი არჩევნებში გამარჯვებას ციხის საკანში შეხვდა, მან ალბანეთის ქალაქ ჰიმარას მერის თანამდებობა ვერ დაიკავა.
ფრედ ბელერი 1991 წელს შექმნილი ბერძნული უმცირესობის დემოკრატიული კავშირის - „Omonoia-ს“ პრეზიდენტია, რომლის მისიაც ალბანეთში მცხოვრები ბერძნული თემის ინტერესების დაცვა და მათთვის თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაა.
ალბანეთმა ევროპის კავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს გააკეთა, ევროპული გაერთიანების კანდიდატის სტატუსი კი 2014 წლიდან აქვს.
EU-ში სახელმწიფოს მიღების საკითხი კონსენსუსის საფუძველზე მიიღება და გაერთიანების ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.