საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი: ტყის ხანძრების გამო ქვეყანა "ომშია"
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ ტყის ხანძრის გამო ქვეყანა "საომარ მდგომარეობაშია."
ამის შესახებ The Guardian წერს.
"ეს ბრძოლა არ არის თანასწორი და იქნება მანამ, სანამ პირობები რთული იქნება," - თქვა მიცოტაკისმა.
მან აღნიშნა, რომ წინ "სამი მძიმე დღეა," რადგან ტემპერატურის მორიგი მატებაა მოსალოდნელი.
"ჩვენ ცეცხლთან ომში ვართ," - განაცხადა მიცოტაკისმა იმ ექსტრემალურ სიტუაციაზე, რომელშიც ქვეყნის რამდენიმე რეგიონი იმყოფება.
საბერძნეთი ზედიზედ მეშვიდე დღეა კუნძულ როდოსზე ტყის ხანძარს ებრძვის. დაახლოებით 20 000 ადამიანი იძულებული გახდა სახლები და სასტუმროები დაეტოვებინა.
ტყის ხანძრებია საბერძნეთის დასავლეთ სანაპიროზე, კუნძულ კორფუზე და ათენთან, კუნძულ ევბეაზე.
23 ივლისს საბერძნეთში ტემპერატურის ახალი რეკორდი დაფიქსირდა - 46 გრადუსი ცელსიუსზე.