საფრანგეთი: მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას 30 ისლამისტი ემსხვერპლა
ანტიტერორისტულ ოპერაციაში, რომელშიც საფრანგეთის და მალის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ, ოცდაათი ისლამისტი მოკლეს.
3 თებერვალს ჩატარებული ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ოპერაციის ფარგლებში, რომელშიც ფრანგული მოიერიშე მირაჟი 2000 მონაწილეობდა, შეიარაღებით და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ავტომობილი ააფეთქეს.
საფრანგეთი მალიში, რომელიც ჯიჰადისტური ორგანიზაციების აქტივობის ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენს, 2013 წლიდან ანტიტერორისტულ სამხედრო მისიაში მონაწილეობს.
2020 წელს დასავლეთაფრიკულ ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ სამხედრო ხუნტას და საფრანგეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა.
ევროპელი მოკავშირეები მალის მთავრობასთან ურთიერთობის გაწყვეტასა და ანტიტერორისტული მისიიდან ძალების გამოყვანაზე მსჯელობენ.
საჰელის რეგიონში (დასავლეთი აფრიკა), მათ შორის მალიში, სულ 4 000 ფრანგი ჯარისკაცია ბაზირებული.