საწვავის გაზრდილ ფასთან გასამკლავებლად, საფრანგეთის მოქალაქეებს €100-ს გადასცემს

 

საფრანგეთის მთავრობა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 2000 ევროზე ნაკლები შემოსავალი აქვთ 100 ევროს გადასცემს საწვავის და ბუნებრივი აირის გაზრდილ ფასთან გასამკლავებლად. ამის შესახებ ხუთშაბათს ქვეყნის პრემიერმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

მისი განცხადება საწვავისა და ბუნებრივი აირის გაზრდილ ფასზე ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრას მოჰყვა. საკითხი საფრანგეთში განსაკუთრებით სენსიტიურია, რადგან 2018 წელს "ყვითელი ჟილეტების" საპროტესტო მოძრაობა სწორედ ამ მიზეზით დაიწყო.

თანხას საფრანგეთის 38 მილიონი მოქალაქე მიიღებს.

პრემიერ-მინისტრმა ასევე დასძინა, რომ სუბსიდია ადამიანებს ავტომატურად ჩაერიცხებათ სხვა სოციალურ ბენეფიტებთან ერთად. 

კასტექსმა მომავალში მსგავსი დახმარების კიდევ ერთხელ გაცემა არ გამორიცხა.

ოპოზიციამ მთავრობის ამ ნაბიჯზე განაცხადა, რომ არასაკმარისია. ულტრამემარჯვენე პარტია "ეროვნული გაერთიანების" ლიდერმა მარინ ლე პენმა თქვა, რომ სუბსიდია ვერ პასუხობს ფრანგების სირთულეს, გადაიხადონ გადასახადები და მთავრობამ გაზზე, დენზე და საწვავზე დამატებითი ღირებულების გადასახადი უნდა შეამციროს.

ულტრამემარცხენე პოლიტიკოსმა ჟან-ლუკ მელანშონმა ფასების ზედა ზღვრის დაწესება მოითხოვა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გადასახადების შემცირებას დაუყოვნებლივი ეფექტი არ ექნებოდა, ხოლო ფასის ზედა ზღვრის დაწესება, რომელიც წინა თვეში დააანონსა, ძალაში 2022 წლის ბოლომდე იქნება.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები